ისტორიული წყაროების მიხედვით, ხაშურის ტერიტორია ჯერ კიდევ ქვის ხანაში ყოფილა დასახლებული. ამას არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ქვის იარაღები, ბრინჯაოს ნივთები და სხვადასხვა ეპოქის არტეფაქტებიც ადასტურებს.
საკუთრივ ხაშური ისტორიულ წყაროებში პირველად 1693 წელს მოიხსენიება, ქალაქის ტიპის დასახლება კი ის XIX საუკუნეში გახდა.
ხაშურის მუნიცპიალიტეტის სტუმრობისას აუცილებლად უნდა დაგეგმო ტური ბიჯნისის ჩანჩქერის, ღორისნამკლის მთის, კოდისწყაროსა და ყელეთის ტბების სანახავად. ამ ადგილებში შეძლებ პიკნიკების მოწყობას, კემპინგის გამართვას, თევზაობასა და მშვენიერი ფოტოების გადაღებას.
ტურისტულ მარშრუტში უნდა შეიყვანო მუნიციპალიტეტის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებიც:
წრომის ტაძარი - ის 626-634 წლებშია ნაშენები და სოფელ წრომში მდებარეობს.
სურამის ციხე - შუა საუკუნეებში აგებული კომპლექსი, რომელშიც ციხე-გალავანი, წმ. გიორგის ეკლესია, კოშკი და სასახლე შედის. ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, მოხსენიებულია 1625 წლიდან, როდესაც დიდმა მთავარსარდალმა გიორგი სააკაძემ ირანელთაგან დასაცავად გაამაგრა.
ბულბულის ციხე - რიყის ქვით ნაშენი ფეოდალური ხანის ნაგებობა სოფელ ბულბულისციხის სამხრეთით. შუა საუკუნეებში ის მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო.
იტრიის ღვთისმშობლის ტაძარი - XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული კომპლექსი, რომელიც ეკლესიის, სამრეკლოსა და გალავნისაგან შედგება. მას ბევრი საინტერესო ამბავი უკავშირდება.
ალის ციხე - ის ძველ საგზაო მაგისტრალზე იდგა და ჩრდილოეთიდან იცავდა მაშინდელ ქალაქ ალს - ქართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრს XIII საუკუნიდან. კომპლექსი დედაციხისა და გალავნისგან შედგება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში ორი კურორტია - სურამი და ქვიშხეთი. სურამის ჰავა კურნავს სასუნთქ გზებს, ფილტვებს, აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ქვიშხეთი კი ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, შარდ-სასქესო სისტემის, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, პოდაგრისა და ბევრი სხვა დაავადების მკურნალია.