KA

სურამი

ლეგენდა გვიამბობს, რომ ერთმანეთზე ძალიან შეყვარებული ქალ-ვაჟი - სუ და რამი, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ფარულად დაქორწინებულან. სწორედ მათი სახელებიდან მოდის სახელი სურამი - ადგილი, სადაც შეყვარებულები დასახლდნენ.   
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:05 სთ
ბათუმი
4:20 სთ
ქუთაისი
2:10 სთ

სურამის ისტორია და ლეგენდა

არქეოლოგიური მასალების მიხედვით, აქ ადამიანი ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობდა. მოგვიანებით სურამი ანტიკური ხანის ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. აქ გადიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ინდოეთს ფაზისთან (თანამედროვე ფოთი) აკავშირებდა.

ქალაქის სტატუსს სურამი ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან ფეოდალური ხანის ბოლომდე ინარჩუნებდა. ამ პერიოდს უკავშირდება სურამის ციხის მშენებლობაც. მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის გამო, ის უამრავი შიდა თუ გარე ბრძოლის ეპიცენტრში ყოფილა. 

სად მდებარეობს კურორტი სურამი? 

სურამი ხაშურის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 740 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოში. 

დაბის გარშემო გაშენებული ფართოფოთლიანი და წიწვოვანი ხე-მცენარეები ამდიდრებს და აძლიერებს ერთმანეთში შერწყმულ მთისა და ზღვის ჰაერის სამკურნალო თვისებებს. შედეგად სურამის ჰავა კურნავს სასუნთქ გზებს, ფილტვებს და აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.   

მრავალი წელია, სურამი დამსვენებლებს იღებს. აქ შესაძლებელია როგორც საოჯახო, ისე თანამედროვე, კეთილმოწყობილი სასტუმროების დაჯავშნაც.

რას ნახავ სურამში?

ქალაქის დათვალიერება მთის წვერზე აშენებული სურამის ციხით უნდა დაიწყო, ასევე  მოინახულო რელიგიური ძეგლები: წმინდა გიორგის, ამაღლების, ღვთაების, წმინდა მარინესა და წმინდა ბარბარეს ეკლესიები, კვირაცხოვლის ტაძარი, იტრიის დედათა მონასტერი, ჩუმათელეთის წმინდა გიორგის ეკლესია და ებრაული სინაგოგა; 

შეგიძლია ესტუმრო სურამისა და ხაშურის საეპისკოპოსო რეზიდენციას; ასევე შეიარო საქართველოზე შეყვარებული ცნობილი უკრაინელი პოეტის - ლესია უკრაინკას მუზეუმშიც.    

როდესაც სურამში მოხვდები, აუცილებლად შეიძინე გირჩის მურაბა, რომელიც ბრონქებსა და ფილტვებს დაგიამებს. და კიდევ - დააგემოვნე ნაზუქი, რომელიც უბრალოდ ძალიან გემრიელია. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა