KA

ხობი

საქართველოში ერთ-ერთი უძველესი, 1875 წელს დაარსებული სკოლა - ეს ერთ-ერთია იმ ღირსშესანიშნაობებიდან, რასაც ხობში ნახავ. სამეგრელოს ეს ლამაზი ადგილი ხანგრძლივი ისტორიული მეხსიერებით გამოირჩევა.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:30 სთ
ბათუმი
1:45 სთ
ქუთაისი
1:20 სთ

სად მდებარეობს ხობი 

სამეგრელოს სიმწვანეში ჩაფლული პატარა დაბა ხობი კოლხეთის დაბლობის ცენტრალურ ნაწილში - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს. ზუგდიდიდან ხობამდე სულ 20 კმ-ია.   

ხობის ისტორია

ტოპონიმი „ხობი“ XX საუკუნეში გაჩნდა. XIX საუკუნეში მაშინდელ ხობის მონასტერს, მდინარესა და დასახლებას „ხოპი“ ერქვა, ხოლო შუა საუკუნეების წყაროებში - „ხოფი“. გადმოცემის მიხედვით, ხობის ტაძარი გუბაზ მეფის სულის მოსახსენებლად აუგიათ. 

ახლანდელი ხობის ტერიტორიაზე ბრინჯაოს, ანტიკური და გვიანი ანტიკური ხანის ნამოსახლარებია შემორჩენილი. აქვე, ჭიხუს პლატოზე, აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა  ძველი წელთაღრიცხვის XII საუკუნით თარიღდება. 

XIX საუკუნის პირველ ნახევარში ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყლის შესართავში, იმ ადგილას, სადაც ახლა სოფელი ყულევია, ნავსადგური რედუტ-კალე ფუნქციონირებდა. ეს იყო ერთ-ერთი შავიზღვისპირეთის იმ ნავსადგურებიდან, რომლებიც ამიერკავკასიას ევროპული საქონლით ამარაგებდა. 

ნავსადგურმა არსებობა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან შეწყვიტა. დღეს ყულევში საერთაშორისო მნიშვნელობის ნავთობტერმინალი ფუნქციონირებს. 

რას ნახავ ხობში

სოფელ ნოჯიხევში XIII-XIV საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, ხობის მონასტერი დგას. ის ცნობილი იყო აქ დაცული კულტურული და რელიგიური სიმდიდრით. ადრე აქ იყო დაბრძანებული ღვთისმშობლის კვართი, რომელიც ახლა ზუგდიდში, დადიანების სასახლეში განთავსებულ მუზეუმში ინახება. ხობის მონასტერში იყო დაცული სხვა სიწმინდეებიც, რომელთა შესახებაც ცნობები იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ჩანაწერებშიც მოიპოვება.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში 2002 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას ძვ. წ. IX საუკუნის კოლხური ნამოსახლარი აღმოაჩინეს. მათ შორის იყო თიხის ჭურჭელი, რომელში შემონახული ყურძნის წიპწებიც ძვ. წ. VI საუკუნით დათარიღდა.  

2009 წელს სოფელ ჭალადიდში აღმოაჩინეს აბრეშუმის საშრობი ღუმელი და საქსოვი ხელსაწყო, რამაც დაადასტურა, რომ საუკუნეების წინათ აქ აბრეშუმის ქსოვილს აწარმოებდნენ. ჭალადიდშივე იქნა ნაპოვნი IV საუკუნის ბერძნული ამფორები და სამკაულები. 

ხობში ფუნქციონირებს ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი, რომელიც 2007 წელს გაიხსნა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა