KA
2024-12-24T01:11:34.000000Z
ქართული ნაკეთობები

ქართული ნაკეთობები

როგორი სტატუსით, რა მიზნითაც უნდა იყო სტუმრად სხვა ქვეყანაში, აუცილებლად ყიდულობ საჩუქრებს - ახლობლებისთვის, სამახსოვრო სუვენირს - შენთვის. საამისოდ საქართველოში ბევრი რამ მოგეწონება, განსაკუთრებით ქართული ნაკეთობები.
სარჩევი

ქართული მინანქარი

ჩათვალე, რომ საქართველოში სამკაულების ბუმია - ძვირფასის თუ ბიჟუტერიის.  როდესაც ორივენაირ ნაკეთობებს შეხვდები, დარწმუნებული იყავი, რომ ეს ორივე მიმართულება მოგხიბლავს. სამკაულებს ორი მახასიათებელი აქვს: გემოვნება და ხარისხი. ეს ორივე მახასიათებელი ქართული სამკაულისაა. მინანქრის სამკაულს ბევრგან ვერ ნახავ. ისარგებლე იმით, რომ საქართველოში ხარ და შეიძინე - ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება საკუთარი თავისთვისაც და ახლობლებისთვისაც.

სანამ თანამედროვე მინანქრის სამკაულებზე გიამბობ, ტიხრული მინანქრის ტექნიკას შეგახსენებ - ნახატის, ორნამენტის ან სიმბოლოს მინით დაფარვას. ეს უძველესი ხელოვნებაა და ექსკლუზიურად ქართულია, ისევე, როგორც მურანოა იტალიური. ადრეული საუკუნეებიდან მინანქარი გამოიყენებოდა როგორც საეკლესიო, ისე საერო დანიშნულების ნივთებისთვის.

მუზეუმში ნახავ ძველი ქართული მინანქრის სერიოზულ კოლექციას, თუმცა მინანქრის შესაძენად მაღაზიებში უნდა გაიარო. შენი გემოვნებით შეარჩიე სამკაულის ფორმა - საყურე, ბეჭედი, სამაჯური, გულსაბნევი, გულსაკიდი თუ კოლიე; შეარჩიე სასურველი ფერი - ტრადიციული უფრო მწვანე და ღვინისფერია, თუმცა არჩევანი დიდია; სხვადასხვა ორნამენტი თუ სიმბოლო თავის ხასიათს ატარებს, კონსულტანტი დაგეხმარება და შეგიძლია სამკაული ადრესატისთვის მიზნობრივად შეარჩიო: მელანქოლიის გასაფანტად, სიყვარულის გასაძლიერებლად, ოჯახის სიმშვიდისთვის და სხვა.

ქართული კერამიკა

ქართული თიხის ნაწარმი

საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ არ ჩატარებულა არქეოლოგიური ექსპედიცია, რომ ძველი კერამიკული ნაკეთობა არ ეპოვა. მეთუნეობა, ანუ თიხის ოსტატობა, ჩვენში დღესაც ძალიან გავრცელებული ხელოვნებაა. კერამიკის ნივთები ქვეყნის ყველა კუთხეში მზადდება. ფერად, სხვადასხვა ხასიათისა და დანიშნულების კერამიკულ ნივთებს ქალაქებში ნახავ, თუმცა საქართველოს სამხედრო გზაზე, დასავლეთ საქართველოში, სოფელ შროშასთან კერამიკით სავსე უამრავი დახლი დაგხვდება. აქ ყველა ნაკეთობას თავისი ხელწერა აქვს, იგრძნობ, რომ  თიხა მღერის. მათი დათვალიერებაც კი საინტერესოა და თუ შეიძენ, სასიამოვნოც იქნება. 

ქართული ჭედურობა

ქართული ჭედურობა შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. ადრეულ და შუა საუკუნეებში  ლითონის ჭედვა ხმალსა და ბრძოლას უკავშირდებოდა. ქვეყნის ყველა კუთხეში არსებობს მჭედლის აღმნიშვნელი გვარი ამ კუთხისთვის დამახასიათებელი დაბოლოებით. დღეს საქართველოში შეგიძლია შეიძინო ჭედური ნახატები, სკულპტურები, სხვადასხვა ნივთი - დეკორი სახლისთვის. ქალაქების დათვალიერებისას კი ჭედურობის, რკინისა და ლითონის გამოფენა-სანახაობა გელოდება: ქუჩის სანათები, სკამები, ღობეები, კიბის მოაჯირები, ჭიშკრები, კარები და სხვა.

ქართული ნაქარგობები

ქართული მოქსოვილი წინდები

ქარგვა ქართველი ქალების საყვარელი საქმიანობა იყო. ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ კუთხეში, საქართველოშიც წესი იყო ქალისთვის ხელსაქმის ბავშვობიდან სწავლება. მართალია, გოგონების სააღმზრდელო გეგმაში ქარგვა აღარ შედის, ასიდან რამდენიმეს თუ ნახავ, ქარგვა იცოდეს, მაგრამ ეს კულტურა XXI საუკუნეშიც არ დაკარგულა და გრძელდება.

ტრადიციულად, მქარგველები ბუნებრივ საღებავებს იყენებენ. ძაფის დამუშავების ხერხიც ტრადიციულია - ჩვეულებრივი ძმრითა და მარილიანი წყლით. ამ ტიპის ტრადიციული ნაქარგობის ნივთების ფერი საუკუნეებს უძლებს და მუზეუმში ბევრს ნახავ. ქართული ორნამენტის ქარგვა გრძელდება. ქარგავენ ატლასზე, აბრეშუმსა და ხავერდზე - ქარგვის ეს სახეობა ყველაზე უფრო ქართულად მიიჩნევა. ამ ტექნიკით ულამაზესი პეიზაჟებიც კი იქარგება. არსებობს ჯვრული ნაქარგობაც, რომელიც ნაკლებად  მრავალფეროვანია, მაგრამ აღმოსავლეთი საქართველოს მთის მხარის - ხევსურეთისა და თუშეთის ტრადიციულ სამოსზე გამოიყენება. 

„ძვირფას“ ქარგვაზეც გეტყვი ერთ-ორ სიტყვას. მას ოქრომკედით ქარგვა ჰქვია, ლითონის ძაფებით სრულდება და საეკლესიო ნაქარგობად იწოდება - ხატებისა და სამღვდელოების სამოსის. მძივის ბისერით ქარგვაც დღეს გავრცელებული ლამაზი ტრადიციაა. სხვადასხვა სალონში გელის ქართული ნაქარგი სამაჯურები, ქუდები, ჩანთები, ქისები, ზარდახშები, წინდები და გამაშები - მოდური და ღირებული.

ქართული შალეული

ტრადიციული ქართული სამოსი

ქართული შალის ძაფის ნაწარმი საქართველოს ყველა კუთხეში შეგხვდება. ხალხური რეწვის ტრადიციები კარგად შემოინახა მთის მხარემ. ქალები მატყლის დამუშავებასა და ღებვას ბავშვობიდან სწავლობდნენ. ტანსაცმელს ადგილობრივი შალისგან ქსოვდნენ. დღეს უფრო მსუბუქი ქსოვილები იხმარება.  

მზადდება საქართველოს სხვადასხვა მხარისთვის დამახასიათებელი ქუდები: კახური, თუშური, სვანური, ლეჩხუმური... თბილი და ლამაზი წინდები, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოს ყველა მხარეშიც იქსოვება, მაგრამ თუშურ და ფშაურ ჩითებს - წინდას ტყავის ძირით მხოლოდ აქ ნახავ და ნახვისას იმ სიამოვნებასაც იგრძნობ, სილამაზე და კომფორტი რომ ჰქვია.

ქართული მაქმანი

თუ ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იყავი, მათ აუცილებლად შეამჩნევდი, თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტში რომელი ოჯახის კარიც უნდა შეაღო, იქაურ ულამაზეს მაქმანს ყველგან იპოვი. 

ქობულეთში გოგონები 10 წლიდან იწყებდნენ ქარგვას და ეს ხელსაქმე მათი ყოველდღიურობის ნაწილი ხდებოდა. მზითევის შემადგენელი იყო ნაქარგი თეთრეული, გადასაფარებლები თუ ცხვირსახოცები. რაც მეტი იყო ნაქარგი, მით უფრო ფასდებოდა პატარძალი. 

აჭარელი ქალები საგულდაგულოდ შერჩეულ თეთრ ქსოვილზე ქარგავდნენ და ყვავილები, ცხოველები თუ სხვადასხვა ორნამენტი ყაისნაღითა და ნემსით გამოჰყავდათ. ყველაზე ცნობილ ორნამენტს „ბაქლავა“ ჰქვია და ისეთივე ლაზათიანია, როგორიც იქაურების მიერ გამომცხვარი ამ სახელწოდების ნუგბარი.  

ქართული ლურჯი სუფრა

ქართული ტრადიციული სუფრა ე.წ. ლურჯი სუფრაა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მზადდებოდა. ლურჯი სუფრის მოტივები მრავალფეროვანია: ასტრალური და მცენარეული, საყოფაცხოვრებო, ზოომორფული თუ ადამიანების გამოსახულებებით. ლურჯ სუფრაზე პურმარილის გაშლა ოჯახების ტრადიციაა და ამას შენც შენიშნავ, როცა სტუმრად აღმოჩნდები. 

ქართული ხის სათამაშოები

თუ შენს გეგმაში შედის, საჩუქრები პატარებსაც გაუკეთო, გირჩევ, ქართული ნაწარმი - ხის სათამაშოები შეიძინო. ეს ეკოლოგიურად სუფთა და ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი ატრიბუტებია და პატარებს ნამდვილად გაახარებს. თუ, ზოგადად, ხის ნაწარმი მოგწონს, შენთვისაც ბევრი ნივთი მოიძებნება - ჭიქები თუ სინები და სხვადასხვა ეროვნული ხასიათის დეკორი. ხის გათლა საქართველოში ოდითგან იყო გავრცელებული როგორც მხატვრულ რეწვაში, ისე მშენებლობაში. 

ეს ყველაფერი კი მხოლოდ ნაწილია იმ ნაკეთობებისა, რაც საქართველოდან საჩუქრად შეგიძლია წაიღო. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა