KA

ქობულეთი

ხელუხლებელი ველური ბუნება, ისტორიული ციხესიმაგრეები, ზღვა, სამკურნალო ჰავა და გემრიელი სამზარეულო - ეს ყველაფერია, რაც კარგი დასვენებისა და თავგადასავლების მოყვარულებს იზიდავს. ამ მრავალფეროვან ადგილს კი ქობულეთი ჰქვია, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს. აქ ქვისა და ბრინჯაოს ხანის, ანტიკური ეპოქისა და შუა საუკუნეების დროინდელი ძეგლებია, თუმცა ქობულეთი ყველაზე მეტად კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსით არის ცნობილი.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:40 სთ
ბათუმი
0:45 სთ
ქუთაისი
2:10 სთ

ქობულეთის ისტორია

ქობულეთი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იქცა ელიტურ კურორტად. რუსეთის იმპერატორის განკარგულებით, სანაპირო ზოლი მაშინდელ მაღალჩინოსან სამხედროებს გადასცეს და აგარაკების მშენებლობა წამოიწყეს. ამ დროს უკვე იწერებოდა ქობულეთის ჰავის სამკურნალო თვისებების შესახებ და დამსვენებლები აქ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიოდნენ, რეკრეაციული თუ გამაჯანსაღებელი დანიშნულებით. 1944 წლიდან ქობულეთს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ქობულეთის ბუნება

ქობულეთი გამორჩეულია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. აქ ხუთი დიდი მდინარე ჩამოედინება, გვხვდება ალპური ტბები, ასობით სხვადასხვა ჯიშის მცენარე, ფერადი მდელოები, ტყეები და ჩანჩქერები. 

ვისაც ველური ბუნების ნახვა, ლაშქრობა და სიმყუდროვეში განტვირთვა სურს, ქობულეთის ეროვნული პარკი, კინტრიშისა და თიკერის ნაკრძალები, ტბიყელისა და სიძერძალის ტბა უნდა მოინახულოს. ქობულეთის შემოგარენში, სულ რამდენიმე კილომეტრშია სხვა უმშვენიერესი კურორტებიც - ციხისძირი, ბობოყვათი და ჩაქვი.

კულტურული ძეგლები

ქობულეთის მდიდარი ისტორიის დასტურად რამდენიმე უძველესი ძეგლი შემორჩა. ასეთებია: პეტრას ციხე, მამუკას ციხე, ელიას ციხე, ხინოწმინდის ტაძარი და ცხემვანის ხიდი. თავად ქალაქში კი ნახავთ მუზეუმს, მართლმადიდებლურ ეკლესიებსა და მეჩეთებს.

გართობა

ქობულეთში ფიჭვნარები, პარკები და ზღვა ერთმანეთს ერწყმის, ზღვიდან რამდენიმე მეტრში კი ველური ბუნება და გაუვალი ტყეები იწყება. ლაშქრობა, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, ზღვასა თუ მტირალას ეროვნული პარკის გამჭვირვალე მდინარეებში ცურვა და სხვა მრავალი აქტივობა სწორედ აქ, ქობულეთში შეგიძლია გამოცადო. რაც მთავარია, აუცილებლად უნდა გასინჯო ადგილობრივი კერძები, იახნი და ბორანო, რომლებიც ნამდვილ აღმოჩენად იქცევა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა