ჯორწყუს მღვიმე მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალდაში მდებარეობს.
სოფლამდე მისასვლელ მანძილს ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით გაივლი. ასფალტიანი გზის დასრულების შემდეგ გზა რთულდება.
მღვიმემდე მისვლა ორხიდიანი მანქანით ან ფეხით არის შესაძლებელი. ფეხით დასაფარი გზა 5 კმ-ს შეადგენს.
მღვიმის სიგრძე დაახლოებით 200 მეტრია. მისი გავლა, მაქსიმუმ, 2 საათშია შესაძლებელი. ის ჰორიზონტალურია, რაც გადაადგილებას ერთგვარად ამარტივებს.
მღვიმე საინტერესოა დამახასიათებელი ფაუნითა და პალეონტოლოგიური ნიმუშებით. ერთ დროს ის ადამიანების სადგომიც კი იყო. აქ, აგრეთვე, ნაპოვნია მღვიმური დათვის, ფოცხვრის, დომბისა და სხვა ცხოველების ძვლებიც.
ჯორწყუს მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სვეტები, ტრავერტინული ზედაპირები, ლოდნარი თიხის ფენები. მღვიმე მდიდარია პლასტიკური თიხის 3,5-4 მეტრი სისქის ნაფენებით.
ჰაერის საშუალო ტემპერატურა 14 გრადუსია.
მღვიმიდან გამოსვლის შემდეგ შესაძლებლობა გექნება, ონიორეს ულამაზესი ჩანჩქერი მოინახულო, რომელიც დაახლოებით 1 კმ-ში მდებარეობს.
გაითვალისწინეთ, რომ მღვიმეში მოგზაურობისთვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვის აღება დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან.
მღვიმეში არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა.
მარშრუტის დაწყებამდე აუცილებლად გადაამოწმე, ხარ თუ არა აღჭურვილი შესაბამისად, გაქვს თუ არა: ჩაფხუტი, ფანარი, რეზინის ფეხსაცმელი (ბოტები) და კომფორტული ტანსაცმელი (მაგალითად, კომბინეზონი). აუცილებელია, თან იქონიო სასმელი წყალიც.