KA
Shuamta Lakes

შუამთის ტბები

აქ ყველაფერია, რომ ბუნებით დატკბე და დრო კოცონთან ან კარავში გაატარო, სწორედ ამიტომ ამ ადგილას არასდროს იგრძნობა ტურისტების ნაკლებობა - ეს შუამთის ტბებია, რომელსაც საქართველოში მოგზაურობისას ზემო აჭარაში გადააწყდები.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ხულო

მდებარეობა

ეს ხუთი ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2150 მეტრზე სიმწვანეშია ჩაფლული. მათი ნახვა ბეშუმიდან ერთი საათის საფეხმავლო გზაზე, სოფელ შუამთის საზაფხულო საძოვრებზე შეგიძლია. ტბებიდან სამი მოზრდილია, ორი კი - შედარებით პატარა. 

ჩირუხი - შუამთის მარშრუტი, რომელიც შუამთის ტბებთან მიგიყვანს, ბათუმიდან 92 კმ-ში, ჩირუხის მთის სიახლოვეს იწყება, ალპურ ზონაში მდებარე მთის იაილებს მიუყვება და შუამთის ტბებთან სრულდება. მარშრუტის დასაწყისშივე იშლება ალპური საძოვრების ხედები პატარა ხის სახლებით, სადაც შეგიძლია ღამე გაათენო და ადგილობრივი, ტრადიციული კერძებიც დააგემოვნო. 

რას ნახავ?

გაშლილი ველებითა და გორაკებით შემოჯარული შუამთის ტბები საუცხოო ადგილია ლაშქრობისა და დასვენებისთვის. შუამთიდან ციცაბო კლდის წვერზე ჩანს შუა საუკუნეების ხიხანის ციხე, რომელიც თავის ამბავსაც მოგიყვება - ბრძოლების, დიდებულებისა და საიდუმლო გვირაბის შესახებ.   

ლეგენდის თანახმად, შუამთის ტბებში მუზებიც ბინადრობენ. მათი არსებობა განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა მიდამო ნისლში იძირება და ირგვლივ ყველაფერი მისტიკური ხდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა