წყალტუბო სწორედ ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო და მისი წყაროების ზღაპრული ბუნება საკუთარ თავზე გამოცადო.
მინერალური წყლები მართლაც რომ უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, რაც მძიმე სენით დაავადებული მრავალი ადამიანისთვის სიცოცხლის მეორე შანსი გამხდარა.
წყალტუბოს წყლები უძველესი წარმოშობისაა. ისტორიულ წყაროებში წყალტუბო პირველად VII-IX საუკუნეებში გვხვდება, თუმცა XII-XIII საუკუნეებიდან უკვე სამკურნალო ადგილადაც მოიხსენიება.
წყალტუბომ საერთაშორისო ცნობადობა 1782 წელს მოიპოვა, ხოლო მის სამკურნალო წყლებს „ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომებშიც“ შეხვდები.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წყალტუბოს წყლები 100-150 ათასი წლის წინათ წარმოიშვა. ის გაჯერებულია ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანი შემდეგი ქიმიური ელემენტებით: იოდი, ბრომი, თუთია, სპილენძი და სხვა.
წყალტუბოს ბალნეოლოგიურ კურორტს მთელ მსოფლიოში აღიარებენ, რადგან ის ერთ-ერთი ადგილია, სადაც უნიკალური თვისებების მქონე წყლით მკურნალობაა შესაძლებელი.
წყალტუბოს მინერალური წყალი კურნავს გინეკოლოგიურ, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, გულისა და კანის დაავადებებს, აგრეთვე, აწესრიგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.
განუმეორებელი კურორტის სტუმრობისას თქვენს ყურადღებას რამდენიმე აბანოც მიიპყრობს. აქ სამკურნალო პროცედურების ვადა 14-იდან 21 დღემდე აღწევს. წყალტუბოს წყლებს გვერდითი მოვლენები ფაქტობრივად არ გააჩნია, ამიტომ აღნიშნული წყლებით მკურნალობა დაშვებულია როგორც მოზარდებში, ისე ბავშვებში 4 წლის ასაკიდან.
სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურების გარდა, კიდევ რას უნდა ველოდოთ?
სასარგებლო აბაზანებთან ერთად, წყალტუბო სასიამოვნო დასვენებისთვის საჭირო ყველა პირობას გთავაზობს. ცენტრალურ პარკში, რომელიც ამჟამად 70 ჰექტარს აღწევს, გაშენებულია ჩოგბურთის კორტები, ულამაზესი ხეივნები, ტბა, გასართობი ატრაქციონები და საკონცერტო დარბაზი.
სამკურნალო კურორტიდან სულ რაღაც 13 კილომეტრში კი შეგიძლია ქუთაისსაც ესტუმრო.