ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო ზღვის დონიდან 120 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ყოველი მხრიდან მთაგრეხილებითაა შემოსაზღვრული. ლეგენდის მიხედვით, დაღლილმა მწყემსმა გზაზე პატარა გუბურა შენიშნა და მტკივანი ფეხები დაისველა, შვება იგრძნო და მალევე განიკურნა. წყალტუბოს წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ უკვე VII-IX საუკუნეებში იყო ცნობილი. თამარ მეფის ეპოქაში აქ არსებული აბანოები სამეფო კარის საკუთრება გახლდათ.
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, რომელიც 70 ჰექტარზეა გადაჭიმული, ცხრა აბანო ფუნქციონირებდა. აბაზანები მიწისქვეშა მინერალური წყაროებიდან მარაგდება. პარკში რამდენიმე შადრევანია, აქვეა „სილამაზის წყარო“, გასართობი ატრაქციონები, ჩოგბურთის კორტები და საკონცერტო დარბაზი „ივერია“. პარკი საფეხმავლო ბილიკებითაა დასერილი, არის ხიდები და ულამაზესი ხეივნები, ასევე მარადმწვანე და იშვიათი ჯიშის ხეები და დეკორატიული ყვავილნარები.
ქალაქის სავიზიტო ბარათია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი - პრომეთეს მღვიმე გასაოცარი ფორმის სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით. მახლობლადაა სათაფლიის ნაკრძალი, სადაც დინოზავრის ნაკვალევს ნახავ.
წყალტუბო მდიდარია ისტორიული ციხესიმაგრეებითა და ტაძრებით. მათ შორისაა: შუა საუკუნეების დერჩის ეკლესია, ოფშკვითისა და მაღლაკის ეკლესიები და სხვა. აუცილებლად ნახე გეგუთის სასახლე - ქართველი მეფეების ზამთრის რეზიდენცია.
ქალაქისა და მუნიციპალიტეტის შესახებ მეტს გეტყვის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მდიდარი მასალაა პალეოლითის ხანიდან გვიან ფეოდალურ პერიოდამდე.
შეგიძლია, ერთგვარი ინდივიდუალური ტურიც მოიწყო - წყალტუბოს სამეურნეო ბაზარში შეიარო, ადგილობრივი ფერმერების მიერ დამზადებული ნატურალური პროდუქტი შეიძინო, თონეში ახლად გამომცხვარი ქართული პური იყიდო და ქალაქის ახლოს, პატარა ტბასთან გახვიდე, სადაც საპიკნიკე ადგილის მოძებნა არ გაგიჭირდება.