ჭაპალის ციხე ისტორიულ წყაროებში XVII საუკუნეში მოიხსენიება, თუმცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები - მოჭიქული ჭურჭელი, ქვევრები, თონეები, მინის სამაჯურები, მოჭიქული კრამიტები და თიხის ჭურჭელი - XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.
არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ამ საფორტიფიკაციო ნაგებობას თავისი საცხოვრებელი და სამეურნეო შენობებიც ჰქონდა.
ციხის მთავარი ნაწილი რამდენიმე მრგვალ კოშკს მოიცავს.
ბორცვის თხემი კი მთლიანად მონოლითური გალავნითაა შემოზღუდული, რომელიც ზოგ მონაკვეთში 3 მეტრ სიმაღლესაც აღწევს. ციხე ტერასულია და სტრატეგიულად არის შერჩეული საბრძოლო და სასიგნალო კოშკების სიმაღლეები. ტერასებზე კი კლდეში გამოკვეთილი კიბეებით ადიხარ.
ციხის ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია წყლის 3 დიდი რეზერვუარი, ქვითა და აგურით ნაშენი აბანო, რომელშიც წყალი თიხის მილებით შედიოდა, მის გასწვრივ კი თონე და მარანი უნდა ყოფილიყო, რაც ნიშნავს, რომ ჭაპალის ციხეში საომარი მოქმედების დროს ხანგრძლივად ცხოვრებისთვის ყველანაირი პირობა იყო შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ ციხის ჩრდილოეთით და დასავლეთით ნასოფლარი და 3 ეკლესიის ნანგრევებია.