თავდაპირველად ქალაქ დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ვიზიტორთა ცენტს უნდა მიაკითხო, სადაც მიიღებ ტერიტორიაზე გადაადგილების ნებართვას, რუკებსა და რეინჯერთა რეკომენდაციებს მიმართულებების შესახებ.
თუ ღამის თევით დარჩენა გსურს, ვიზიტორთა ცენტრშივე უნდა დაჯავშნო საკარვე ადგილი ან კოტეჯი.
სასურველია, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრსა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტს წინასწარ გადაუგზავნოთ ვიზიტორთა და მანქანის მონაცემები, ასევე აცნობოთ, თუ რომელ სასაზღვრო სექტორზე გსურთ გადაადგილება, რათა ლოდინმა არ მოგიწიოთ და დრო დაზოგოთ.
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე კარვით დარჩენა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია მხოლოდ ორგანიზებულ კემპინგზე, რადგან ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეწარმავალი და მტაცებელი ცხოველი ბინადრობს.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები აერთიანებს: ვაშლოვანის ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და ბუნების ძეგლებს: არწივის ხეობას, ტახტითეფას ტალახის ვულკანებს, ჯუმას ყურის და ალაზნის ჭალებს.
ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც ერთმანეთისაგან განსხვავებულ ბუნებრივ ეკოსისტემებს გაივლი – უდაბნოს, ნახევრად უდაბნოს, სტეპის, არიდული მეჩხერი ტყეების, ფოთლოვანი და ჭალის ტყის, კლდის ქსეროფიტების, მთისწინეთის ძეძვიანებისა და თიხნარის მცენარეულობის ზონებს.
ტერიტორიაზე ჯიპტურისთვის საინტერესო მიმართულებებია:
შირაქის ველი, პანტიშარას ხეობა, დათვის ხეობა, ალესილები, ვაშლოვანის გადასახედი, მიჯნის ყურე, ტახტითეფას ვულკანი და კაკლის ყურე.
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ტური შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული ტერიტორიაზე შესვლა წვიმიან ამინდში.
ამ მარშრუტზე მოგზაურობისთვის საჭიროა შესაბამისად მომზადებული მაღალი გამავლობის ავტომობილი.
რელიეფიდან გამომდინარე, რეკომენდებულია A/T ან M/T საბურავი.
დაცულ ტერიტორიაზე არ არის ინტერნეტკავშირი. ჩართული გქონდეთ GPS სერვისი. გაითვალისწინე, რომ არც მობილური კავშირია.
ტერიტორიაზე შესვლამდე ბოლო ბენზინგასამართი სადგური დედოფლისწყაროშია.
ასევე თან იქონიე საკვები და სასმელი წყალი.
საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია დაუკავშირდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, ნომერზე 112.