KA

ჯუთა-ჭაუხი-აბუდელაურის ტბები-როშკა

საქართველოს ორ ულამაზეს მხარეს – ხევსურეთსა და ხევს ერთმანეთთან საფეხმავლო ბილიკი აკავშირებს. ეს გზა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰაიკინგზონაა საქართველოში, რადგან მარშრუტი საშუალო სირთულისაა და ირგვლივ საოცარი სანახაობაა.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
სოფელი
ჯუთა

მარშრუტის დაწყება შესაძლებელია როგორც ხევის სოფელ ჯუთიდან, ისე პირაქეთა ხევსურეთის სოფელ როშკიდან 

დღე პირველი: ჯუთა - ჭიუხის უღელტეხილი - აბუდელაურის ტბები

მოგზაურობას ყაზბეგის სოფელ ჯუთიდან შეუდგები, რომელიც ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარეობს და ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია.

ჯუთაში საფეხმავლო ბილიკი სამანქანო გზასთან იწყება და ჭიუხის (ჭაუხის) მასივისკენ მიემართება. გზა მარტივია, თუმცა ერთგან მდინარის ფეხით გადავლა და რამდენიმე ციცაბო აღმართის ავლა მოგიწევს. 9 კმ-ში ჭაუხის უღელტეხილზე აღმოჩნდები, რომელიც ხევის კავკასიონზე, სოფელ ჯუთაში მდებარე მთაა.

უღელტეხილის ძირში კი აბუდელაურის მწვანე, ლურჯ და თეთრ ტბებს დაინახავ და იქამდე ჩასასვლელ ბილიკსაც მოჰკრავ თვალს. 

გაითვალისწინე, რომ აქ სამოგზაუროდ საუკეთესო დრო ივნის-ივლისია და ამ პერიოდში ტბებთან დაბანაკებაც შეგიძლია.

დღე მეორე: აბუდელაურის ტბები, როშკა

მეორე დილით ტბის პირას ნისლში გახვეულ ზღაპრულ ბუნებაში გაიღვიძებ. შემდეგ კი მოგიწევს, არჩევანი ორ გზას შორის გააკეთო - ტბებიდან ორი ბილიკი ეშვება, რომლებიც სოფელ როშკასთან ერთდება.

თუ არხოტის გადასასვლელისკენ აიღებ გეზს, როშკის ლოდებამდე მიხვალ. მათგან  ორი ლოდი მსოფლიოში უდიდესი ერატიკული ლოდების ჩამონათვალშია შეტანილი.

მეორე გზა კი პირდაპირ სოფელ როშკაში ჩაგიყვანს, სადაც შეგიძლია, საოჯახო სასტუმროში დაისვენო ან იმავე დღეს დაბრუნდე ქალაქში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა