KA
8 გამორჩეული სანახაობა კახეთში

8 გამორჩეული სანახაობა კახეთში

საოცარი ლეგენდები, ლამაზი ბუნება და საქართველოს საუკეთესო ზვრები, ემოციებით სავსე ბილიკები, დიდ ბრძოლებში გამოვლილი ბებერი ციხესიმაგრეები და მრავალსაუკუნოვანი დიდებული ტაძრები - ეს კახეთია, ყოველმხრივ ამოუწურავი შთაბეჭდილებების მხარე აღმოსავლეთ საქართველოში.

საქართველოს თავისი მრავალათასწლიანი ისტორიის განმავლობაში მუდმივად უწევდა ბრძოლა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის. 

კახეთში მოგზაურობის დროსაც შეამჩნევ, რომ ყველგან, ყოველ სოფელში მონასტრებია აშენებული, რომლებიც მშვიდობიან პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა, ომიანობის დროს კი ციხესიმაგრეების, ხალხის თავშესაფრების ფუნქციას ასრულებდა. 

გრემი

ქალაქ ყვარლიდან 20 კმ-ში, ყვარელი-თელავის გზატკეცილიდანვე დაინახავ მაღალ გორაკზე აგებულ ციხესიმაგრის კომპლექსს. ის ერთ-ერთი ნაწილია იმ ძლიერი, კეთილმოწყობილი და ხალხმრავალი ქალაქისა, რომელიც  1466-1616 წლებში კახეთის მხარის პოლიტიკური ცენტრი იყო, 40 ჰექტარი ფართობი ეკავა და 100 ათასზე მეტი მცხოვრები ჰყავდა.

1616 წელს ირანის შაჰის აბას I-ის არმია კახეთს შემოესია და ააოხრა, მათ შორის ნანგრევებად აქცია გრემი. ამ გამანადგურებელი დარტყმის შემდეგ ქალაქში ცხოვრება ნელ-ნელა შეწყდა.

ოდესღაც აყვავებული ქალაქიდან დღეს შემორჩენილი და რესტავრირებულია რამდენიმე ნაგებობა, რომლებიც ძველი გრემის სიდიადისა და სიძლიერის შესახებ ნათელ წარმოდგენას შეგიქმნის. კერძოდ, ესენია: ციხის გალავანი, მთავარანგელოზთა ეკლესია, სამრეკლო, მცირე ტაძრები, მეფის სამსართულიანი სასახლე, ქარვასლა და ღვინის მარანი. 

განსაკუთრებული ისტორიული ღირებულებისაა გრემის მთავარანგელოზი, ანუ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი. კედლის მოხატულობა იძლევა ინფორმაციას, რომ ტაძარი აუშენებიათ და მოუხატავთ XVI საუკუნეში, კახეთის მეფის ლევანის ბრძანებით.

მის ფრესკას ტაძრის დასავლეთ კედელზე იხილავ, სადაც მეფე ტაძრის მოდელით ხელშია გამოსახული.  

მეფის სასახლის სახურავიდან კი ალაზნის ველის ულამაზესი ხედი იშლება.

ციხესიმაგრის წინ ავტოსადგომია მოწყობილი, პატარა მაღაზიებით. აქ შეგიძლია კახური ღვინო, ჭაჭა, ჩურჩხელა და სუვენირები შეიძინო.  

დავითგარეჯა

ეს საოცარი ადგილი - კლდეში ნაკვეთი 22 მცირე მონასტერ-კომპლექსი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, უდაბნოს მთის ჩრდილო კალთაზე მდებარეობს. 

როცა დავითგარეჯას დაათვალიერებ, უმალ მიხვდები, რატომ დაასახელა National Geographic-მა ის მსოფლიოს 17 ყველაზე უკაცრიელ და ლამაზ ადგილს შორის.

დავითგარეჯამდე საგარეჯოდან მანქანით მიხვალ, შემდეგ კი კომპლექსი ფეხით უნდა მოიარო. დაიწყე საერთო კომპლექსში შემავალი უძველესი მონასტრებიდან - დავითის ლავრიდან,  დოდოს რქიდან და ნათლისმცემლიდან.  

ამ ადგილას პირველი მონასტერი  დავით გარეჯელმა დააარსა. ის საქართველოში ქალაქ ანტიოქიიდან VI საუკუნის I ნახევარში ჩამოვიდა და ერთ-ერთი იყო იმ ქრისტიანი მისიონერებიდან, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი და ქრისტიანობის განმტკიცებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

ამ  მონასტრებს საუკუნეების განმავლობაში ანადგურებდნენ საქართველოს მტრები და აღადგენდნენ ქართველი მეფეები.

იყო პერიოდები, როდესაც დავითგარეჯა ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ძალას წარმოადგენდა.

აქ სხვადასხვა საუკუნეში საქმიანობდნენ ცნობილი ქართველი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეები, მათ შორის იყო სულხან-საბა ორბელიანიც - ქართველი მწერალი, მეცნიერი და დიპლომატი, რომელმაც ჯერ კიდევ 300 წლის წინათ, XVIII საუკუნის დასაწყისში გაკვალა გზა ევროპისკენ.

დავითგარეჯის ტაძრებში შემორჩენილია კედლის შთამბეჭდავი მხატვრობა და უნიკალური ფრესკები ქართველ მეფეთა, მათ შორის, თამარ მეფის გამოსახულებით. 

უჯარმის ციხე

ადრე შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი, რომელიც ჟურნალმა Forbes-მა 2012 წელს მსოფლიოს ცხრა უძველესი ციხესიმაგრის სიაში შეიტანა, გომბორის ულამაზესი უღელტეხილის მახლობლად, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაზეა აგებული. ამ ციხე-ქალაქს თბილისი-თელავის საავტომობილო გზიდანვე დაინახავ.

უჯარმის ციხესიმაგრე III-IV საუკუნეების მიჯნაზე ქართლის მეფე ასფაგურს აუშენებია. უჯარმის ისტორიის ერთი ბრწყინვალე ფურცელი კი ვახტანგ გორგასლის მეფობას უკავშირდება (V საუკუნის მე-2 ნახევარი), რომელმაც აქ დიდებული ციტადელი ააგო მძლავრი საბრძოლო კოშკებით, ეკლესიები ააშენა და დროებით სატახტო ქალაქად აქცია.  

IV-VI საუკუნეებში უჯარმა ქართლის ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი იყო, თბილისსა და მცხეთასთან ერთად. 

უჯარმა ივრის ხეობის კონტროლისათვის შექმნა ვახტანგ გორგასალმა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ციხის მცირე ნაწილია შემორჩენილი, მაინც იგრძნობა ამ ძეგლის მონუმენტურობა, სამშენებლო ხელოვნების მაღალი დონე და უნაკლო შესრულება. ამიტომაც უჯარმა ქართული თავდაცვითი არქიტექტურის საუკეთესო ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება.  

ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი

ეს ულამაზესი სამონასტრო კომპლექსი სოფელ ნინოწმინდაში მდებარეობს, ქალაქ საგარეჯოსთან ორ კილომეტრში. ამ ადგილას V საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალმა ააშენებინა საეპისკოპოსო ტაძარი. იმხანად გორგასალმა დიდი საეკლესიო რეფორმა გაატარა, რომელიც ქვეყნის გაძლიერებას ემსახურებოდა. შედეგად, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიური (დამოუკიდებელი) გახდა, 12 საეპისკოპოსო დაარსდა და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ აქ, ნინოწმინდაში.

დღეს ამ მნიშვნელოვანი ეკლესიის მხოლოდ საკურთხეველია შემორჩენილი, რომელიც თავისი ფრესკებით საოცრად შთამბეჭდავია. გვერდით XVI საუკუნის სამრეკლო და ცოტა უფრო გვიანდელი - XVIII საუკუნის ორსართულიანი სასახლე დგას, სადაც ამჟამად დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. კომპლექსიც XVIII საუკუნეშია აშენებული და დიდი გალავნით არის შემოსაზღვრული. 

და ეს ყველაფერი ისეთივე მონუმენტური და შთამბეჭდავია, როგორიც მეფე ვახტანგ გორგასლის 45-წლიანი მმართველობის პერიოდი იყო.

ლაგოდეხის ეროვნული პარკი

ლაგოდეხის ეროვნული პარკი მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი ლანდშაფტი და ზამთარ-ზაფხულ საინტერესო თავგადასავლის მომტანი ადგილია.  

პარკი კახეთის ქალაქ ლაგოდეხში, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 400-იდან 3500 მეტრამდე მერყეობს.

ასეთი ბიომრავალფეროვნება საქართველოს სხვა არცერთ დაცულ ტერიტორიაზე არ შეგხვდება. სალაშქრო ბილიკებით მოივლი ფოთლოვან ტყეებს, ალპურ ხელუხლებელ მდელოებს, კლდეებში ჩაგუბებულ ტბებს, უმშვენიერეს ჩანჩქერებს. გზად შეიძლება ულამაზესი ფურირემი ან აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი შემოგხვდეს, თავზე კი როჭომ ან შურთხმა გადაგიფრინოს, რომლებსაც მხოლოდ კავკასიაში თუ შეხვდები.

ყვარელი

კახეთის ეს პატარა ქალაქი მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, ალაზნის ველზე, კავკასიონის მთების ძირშია გაშენებული და მას სრულიად დამსახურებულად უწოდებენ კახეთის თვალს. ყვარლის სილამაზეზე არაერთი ლეგენდა შექმნილა და ლექსი დაწერილა. 

ყვარელი შესანიშნავი ადგილია იმისთვის, რომ ქალაქის ხმაურისგან დაისვენო. აქ შეგიძლია ისეირნო ყვარლის ტყე-პარკში, გაერთო ყვარლის ტბაზე, მიირთვა ღვინო „ქინძმარაული“ და დააგემოვნო უგემრიელესი კახური კერძები.

თუმცა ლამაზი ბუნების, უნიკალური ღვინისა და მდიდარი სამზარეულოს გარდა, ყვარელში უამრავი ღირსშესანიშნაობაა დასათვალიერებელი.

მოინახულე უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლები, მათ შორის: დოლოჭოპის ბაზილიკა, რომელიც, სულ ცოტა, 1300 წლისაა და უდიდესი ქრისტიანული ტაძარია კავკასიაში; ნეკრესისა და გრემის დიდებული მონასტრები; ასევე ყვარლის ციხესიმაგრე და ილიას ტბა.

ამ ქალაქში მდებარეობს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის, XIX საუკუნის მწერლის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძისა და ქართული თანამედროვე თეატრის ფუძემდებლის, რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები.

ყვარლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა კლდეში ნაკვეთი მარანი - ეს არის კლდის მასივში გაჭრილი გვირაბები, რომელთა საერთო სიგრძე 8 კილომეტრს აღწევს. აქ ერთი გვირაბი ტურისტებისთვისაა გახსნილი, სადაც ათასობით საკოლექციო ბოთლის ღვინო ინახება.

სიღნაღი

სიღნაღი კახეთის შედარებით ახალგაზრდა, თვალწარმტაცი ქალაქია, რომელიც დღეს ტურისტულ ჰაბად არის ქცეული. ამას განუმეორებელი ქართული კოლორიტი, სტუმარმასპინძლობა და ევროპული კომფორტი განაპირობებს.  

სიღნაღს სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ. მართლაც, მისი მიხვეულ-მოხვეული, მოკირწყლული ქუჩები და წითელკრამიტიანი, პატარა სახლები საოცრად რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენებს, აქაური კლიმატი კი  - თბილი, რბილი და ზომიერად ნოტიო - სეირნობისთვის განგაწყობს.  

ეს ტერიტორია უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, ხოლო სიღნაღის ქალაქად ჩამოყალიბება XVIII საუკუნეში მეფე ერეკლე II-ს უკავშირდება. მეფე ერეკლეს დროინდელია ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაც - სიღნაღის ციხე-გალავანი, ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია მთელ საქართველოში. გალავნის ყველაზე დიდ კოშკზე რომ ახვალ, შენ თვალწინ ქალაქ სიღნაღისა და ალაზნის ველის შთამბეჭდავი პანორამა გადაიშლება.

თუ მხატვრობა გიყვარს, აუცილებლად დაათვალიერე სიღნაღის მუზეუმში გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის (1862-1918) მდიდარი ფერწერული კოლექცია, მხატვრისა, რომლის ნამუშევრებს დღეს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები მასპინძლობენ.

ქალაქში სეირნობისას ლამის ყოველ ნაბიჯზე შეგხვდება კაფეები, ღვინის ბარები და სუვენირების მაღაზიები. შეგიძლია, ქალაქის თავზე პარაპლანით იფრინო ან ზიპლაინით დაეშვა. 

სიღნაღში და მის შემოგარენში საინტერესო და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები მდებარეობს. მათ შორის აუცილებლად მოინახულე ბოდბის მონასტერი, რომელიც წმ. ნინოს მიერ IV საუკუნეშია დაარსებული. 

თუშეთის ეროვნული პარკი

თუ გინდა, დედამიწაზე სამოთხე ნახო, თუშეთში უნდა ახვიდე და როცა იქ აღმოჩნდები, მიხვდები, რომ ამ შეფასებაში არაფერია გადაჭარბებული.

თუშეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, რომელიც ეროვნულ პარკად არის გამოცხადებული. 

თუშეთის ულამაზესი სოფლები კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზეა შეფენილი. აქ მოგზაურობა მართლაც დაუვიწყარი იქნება - დაათვალიერებ უძველეს თუშურ კოშკებს, აღმოაჩენ ულამაზეს ალპურ მდელოებს, საუცხოოდ შემონახულ ფიჭვნარ ტყეებს, ტებულოს (4492 მ), დიკლოს (4785 მ) და საქისტოს (2456 მ) მწვერვალებს, ულამაზეს უღელტეხილებსა და ხეობებს.

ნახავ ძველ სალოცავებს, გაიცნობ კეთილგანწყობილ და სტუმართმოყვარე თუშებს, დააგემოვნებ ადგილობრივ, სრულიად განსხვავებულ სამზარეულოს. თუ სუფრაზე კოტორი მოგართვეს, რომელიც ერთგვარი თუშური ხაჭაპურია, იცოდე, რომ მას მხოლოდ საპატიო სტუმრებისთვის ამზადებენ.

თუშეთი პატარაა, მანქანით პოპულარულ ადგილებს 3-4 დღეში შემოივლი, ღამეს საოჯახო სასტუმროებში ან კარავში, ცის ქვეშ გაათევ. შეგიძლია, საფეხმავლო ბილიკებზე ილაშქრო, საცხენოსნო და ველოტურებიც მოაწყო. სხვათა შორის, ადგილობრივი, თუშური ცხენი, რომელიც კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, საოცრად გონიერი და ფრთხილია.

თუშეთის გული კი ომალოა, ზღაპრული სოფელი-კურორტი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

ომალოდან საითაც არ უნდა წახვიდე, ირგვლივ ყველგან საოცარი, განუმეორებელი თუშური ესთეტიკა შეგხვდება. 

აი, ასეთი შთამბეჭდავია კახეთი - თავისი ბუნებით, მრავალსაუკუნოვანი, ბრძოლებში გამოვლილი ციხესიმაგრეებითა და მონასტრებით. და როცა კახეთში სუფრასთან მიგიპატიჟებენ, მიხვდები, რომ სადღეგრძელოები ლოცვას ჰგავს, ამ კუთხეში მოგზაურობა კი ერთი დიდი დაუვიწყარი თავგადასავალია.

    ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
    Cookie პოლიტიკა