მათგან ყველაზე მეტი (182 216 ადამიანი) ქვემო ქართლშია დასახლებული. ისინი საქართველოში სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და სხვადასხვა ტერიტორიიდან (ირანი, ოსმალეთი) ჩამოვიდნენ. აქ მცხოვრები აზერბაიჯანული თემის ნაწილი შიიტია, ნაწილი - სუნიტი.
სწორედ ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტშია სოფელი ალგეთი, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია. სოფლის ცენტრში მდებარეობს ადგილობრივი მოსახლეობის სალოცავი - იმამ ალის მეჩეთი. იმამ ალი, შიიტური ისტორიული წყაროებით, მუჰამედის ბიძაშვილი იყო, ამიტომ ის პირველ ხალიფად და, შესაბამისად, პირველ იმამად მიიჩნევა.
იმამ ალის მეჩეთის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. საბჭოთა პერიოდში მასში კლუბი და ბიბლიოთეკა იყო განთავსებული.
დღეისთვის შენობა განახლებულია.
კვადრატული ფორმის მეჩეთს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან თაღებიანი ტერასა აქვს მიშენებული, რომელიც ამავდროულად საზეიმო შესასვლელიცაა. ტერასიდან ჰოლში მოხვდები, სადაც ერთ მხარეს ბიბლიოთეკაა. აქედან შეიძლება სამლოცველო დარბაზში შესვლა. დარბაზი ორდონიანია - აივანი ქალების სამლოცველოდ გამოიყენება.
შენობის უკან მინარეთი დგას, რომლის სიმაღლეც 10 მეტრს აღწევს.
მეჩეთი გარედან მდიდრული ტუფის ქვითაა მოპირკეთებული და საკმაოდ დიდი ეზო აქვს.