KA

მარნეული

ეს კიდევ ერთი ტერიტორიაა საქართველოში, სადაც ადამიანის ცხოვრების კვალი ქვის ხანიდან იწყება. მეტიც, აქ 8000 წლის წინათ მცენარეთა მოყვანა და ცხოველების მოშენება იცოდნენ.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
1:05 სთ
ბათუმი
6:25 სთ
ქუთაისი
4:15 სთ

მარნეულის ნამოსახლარები და დიდი აღმოჩენები 

მარნეულის ირგვლივ საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის მნიშვნელოვანი ნეოლითური ნამოსახლარებია – არუხლოს გორა, ხრამის დიდი გორა, შულავრისა და იმირის გორები. ხრამის დიდ გორაზე აღმოაჩინეს თიხის საღვინე ჭურჭელი და ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკი 8000 წელია. ამ მასალის კომპლექსური კვლევების შედეგად მსოფლიო მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და  კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. 

და არამარტო ვაზი - ნეოლითურ ნამოსახლარებში კულტურული ხორბლის კვალიც არის აღმოჩენილი, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველო კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. 

ამ დიდ აღმოჩენებთან ერთად, მარნეულის ირგვლივ შუა საუკუნეების საინტერესო ძეგლებსაც ნახავ - მაგალითად, V-VI საუკუნეებში კლდეზე აგებულ წოფის ციხეს, XIII საუკუნის ხუჯაბის მონასტერს, XII-XIII საუკუნეების წერაქვის მონასტერსა და მრავალ სხვას.

მარნეულის სალაშქრო ბილიკები

იაღლუჯის მაღლობსა და ბაბაკარის ქედს შორის მოქცეულ ქალაქში მდინარეები - მტკვარი, ხრამი და ალგეთი ჩამოედინება. 

ნახევრად უდაბნო, შერეული ტყეები და ალპური მთები საინტერესო ტურების დაგეგმვის შესაძლებლობას მოგცემს. 

მარნეულიდან საფეხმავლო ბილიკებია მოწყობილი წოფი - სიონის მიმართულებით. გზებზე საინფორმაციო ბანერებსაც შეხვდები დეტალური აღწერებით. 

საინტერესო სოფელია მარნეულიდან 15-16 კილომეტრში მდებარე გერმანელების მიერ გაშენებული თამარისი, 1944 წლამდე ტრაუბენბერგი.

თანამედროვე მარნეული

მარნეულში მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმანია, შემდეგ რაოდენობით მართლმადიდებელი ქრისტიანები მოდიან, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა ძირითადად გრიგორიანელი სომეხია.

დღეს მარნეულში საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ბანკის ფილიალი ფუნქციონირებს. ქალაქში მრავლადაა ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტები.

მარნეულის სოფლებში მოჰყავთ ხორბალი, ქერი, სიმინდი, ჭვავი, კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ხახვი, ნიორი, ლობიო, კიტრი და პომიდორი.

თუ მარნეულში მოხვდები, აუცილებლად იკითხე ცხვრის ქაბაბი, ცხვრის მწვადი და ფითი - ესეც ცხვრის კერძია თიხის ქოთანში. მიუხედავად იმისა, გიყვარს თუ არა ცხვრის ხორცი, თუ ვეგეტარიანელი არ ხარ, გასინჯე - აქ მას წარმოუდგენლად გემრიელად ამზადებენ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა