KA

არაგვის სათავგადასავლო ცენტრი

არაგვის სათავგადასავლო ცენტრი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალივთან მდებარეობს. თვალივი კი მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა მხარეს, მწვერვალ გორმაღლის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 900 მ-ზე გაშენებული სოფელია.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

რა დაგხვდება?

სათავგადასავლო ცენტრი, რომლის ძირითადი საქმიანობა ჯომარდობაა, 2011 წელს გაიხსნა. აქ სხვადასხვა ტიპის კოტეჯი დაგხვდება, სადაც ერთდროულად 30 სტუმრის განთავსება შეიძლება.

ცენტრში მუშაობს სამზარეულო, რომელიც უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძებით გაგიმასპინძლდება. 

არაგვის სათავგადასავლო ცენტრში, მდინარე ფშავის არაგვზე, ჯომარდობას შემოგთავაზებენ სერტიფიცირებული ინსტრუქტორების მეთვალყურეობით. ცენტრის სტუმრები ზიპლაინით ჩამოსრიალებასაც შეძლებენ, რომლის საერთო სიგრძე 330 მეტრია. 

სტუმრებისთვის ეწყობა ინდივიდუალური და ჯგუფური ველოტურები, ჟინვალის წყალსაცავზე კაიაკით გასეირნება, აგრეთვე, ფრენბურთის ტურნირი. 

სათავგადასავლო ცენტრში ბავშვებისთვის მოწყობილია სათამაშო მოედანი, ატრაქციონები და ა.შ. 

ადგილზევე დაიქირავებ ნავებს, საჯომარდო აღჭურვილობას, სამთო ველოსიპედებს, სურვილის შემთხვევაში კი - კარვებსა და საძილე ტომრებს.

გარდა ამისა, ცენტრის ტერიტორიაზე შესაძლებელია სამოგზაურო ავტომობილით, ანუ Camper-ით შესვლა, რათა საპირფარეშო, საშხაპე და საპიკნიკე სივრცეებით ისარგებლო.

როგორ მივიდეთ?

არაგვის სათავგადასავლო ცენტრი თბილისიდან - 70 კმ-ით, სოფელ თვალივიდან კი 500-600 მეტრით არის დაშორებული. ცენტრამდე ასფალტირებული გზა მიდის, შესაბამისად, მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი გამავლობის ავტომობილით.

როდის არის საკემპინგე სეზონი?

არაგვის სათავგადასავლო ცენტრი აპრილის შუა რიცხვებში იხსნება და 15 ოქტომბრამდე მუშაობს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა