KA

ასვლა თეთნულდზე - კლასიკური მარშრუტი

მწვერვალ თეთნულდზე დამოუკიდებლად ასვლა მხოლოდ გამოცდილი მთამსვლელებისთვისაა რეკომენდებული. მთამსვლელობის გარკვეული გამოცდილების მქონეებმა მწვერვალზე ასვლა მხოლოდ პროფესიონალ გამყოლთან ერთად უნდა დაგეგმონ.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
სოფელი
კურორტი თეთნულდი

თეთნულდის მწვერვალის დახასიათება

მწვერვალი თეთნულდი მესტიის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 4852 მეტრია და 3000 მეტრს ზემოთ მუდმივი თოვლითაა დაფარული. გზად გვხვდება ნაშალი ქვების რელიეფი, ყინულისა და თოვლის საფარი, ნაპრალოვანი ყინული, კლდოვანი ქედი. 

მწვერვალთან ახლოს მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი.

პირველი დღე 

მარშრუტი იწყება ზღვის დონიდან 3038 მეტრ სიმაღლეზე. თავდაპირველად ვატრავერსებთ სამხრეთ-აღმოსავლეთით, გადავკვეთთ პატარა ქედს, გზად შეგვხვდება ნაშალი ქვა, რის შემდეგაც ვიწყებთ კულუარში ასვლას. საწყისი წერტილიდან კულუარის თავამდე 3 კილომეტრია, კულუარის თავზე ზღვის დონიდან 3544 მეტრზე იწყება ნაპრალებიანი ყინულის საფარი, საიდანაც 2 კილომეტრში ვხვდებით პირველ საბანაკეზე. ის 3700 მეტრ სიმაღლეზე, ქარისგან დაცულ ადგილას მდებარეობს. კარვები იშლება ქვიან ზედაპირზე და ახლოს არის ტბა. საბანაკემდე 662 ვერტიკალია და მის გავლას 4-5 საათი სჭირდება.  

მეორე დღე

დღე ეთმობა აკლიმატიზაციასა და ვარჯიშს. გავდივართ დაახლოებით 4000 მეტრის სიმაღლეზე, სადაც გიდი გვიხსნის, როგორ გადავადგილდეთ თოკში ჩაბმულები, აგრეთვე, მთაზე მოძრაობისა და უსაფრთხოების წესებს.

მესამე დღე 

მწვერვალზე ასვლა იწყება დილის 03:00 საათზე. მარშრუტი გადის თეთნულდის პლატოზე, გადადის უნაგირაზე და მიუყვება სამხრეთ ქედს მწვერვალამდე. საბანაკიდან მწვერვალამდე 1100 ვერტიკალია. მწვერვალზე დაყოვნების დრო, მაქსიმუმ, 5-10 წუთია, შემდეგ ვიწყებთ დაშვებას ბანაკისკენ. 

მწვერვალის დალაშქვრასა და უკან დაბრუნებას, საშუალოდ, 7-10 საათი სჭირდება.  

მწვერვალიდან მანქანის ადგილმდებარეობამდე დაშვება იმავე დღესაა შესაძლებელი, მაგრამ, თუკი ჯგუფი დაღლილია, კიდევ ერთ ღამეს ვათენებთ კარავში. უამინდობის შემთხვევაში დაშვება შესაძლოა კიდევ 1 ან 2 სარეზერვო დღით გადაიდოს. 

დამატებითი ინფორმაცია

თეთნულდზე ასვლა რეკომენდებულია ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე.  

მესტიის ცენტრიდან მარშრუტის საწყის წერტილამდე 25 კმ-ია. ადგილზე  მისასვლელად საჭიროა მაღალი გამავლობის ავტომობილი. მისი დაქირავება შესაძლებელია მესტიის ავტოსადგურზე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა