KA

ასვლა შუროვსკის პიკზე - კლასიკური მარშრუტი

შუროვსკის პიკის დალაშქვრა გამოცდილი მთამსვლელებისთვისაა რეკომენდებული. მთამსვლელობის შედარებით მწირი გამოცდილების მქონემ ამ მწვერვალზე ასვლა მხოლოდ პროფესიონალ გამყოლთან ერთად უნდა დაგეგმოს. მარშრუტის სირთულე - 2ბ.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

შუროვსკის პიკის დახასიათება

შუროვსკის პიკი მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოს თემის სოფელ მაზერში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 4280 მეტრია და მისკენ მიმავალ მარშრუტზე გვხვდება ნაშალი ქვები, ყინულისა და თოვლის საფარი, კლდოვანი ქედი. შუროვსკის პიკიდან საუკეთესო ხედები იშლება მწვერვალ უშბაზე.

პირველი დღე 

მარშრუტი სოფელ მაზერში იწყება, ზღვის დონიდან 1672 მეტრ სიმაღლეზე და საფეხმავლო ბილიკით უშბის მყინვარისკენ მივდივართ. შდუგრას ჩანჩქერების გავლით მყინვარამდე 6 კილომეტრია, რომელსაც გავდივართ როგორც ტყეში, ის ქვიან რელიეფზე. შემდეგ იწყება მყინვარი. მყინვარის გავლით პირველ საბანაკემდე ავდივართ, რომელიც ზღვის დონიდან 3500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის ე.წ. კლდის თარო - უსაფრთხო, მშრალი და ქარისგან დაცული ადგილი. საბანაკესთან ახლოს არის წყალი. ასავლელი ვერტიკალი 1828 მეტრია. პირველ საბანაკწმდე მისვლას 8-9 საათი სჭირდება. 

მეორე დღე

პირველი საბანაკედან მყინვარის ლაბირინთის გავლით თოკში ჩაბმულები ვინაცვლებთ მეორე საბანაკოსკენ, უშბის პლატოზე, რომელიც 4100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ასავლელი ვერტიკალი 600 მეტრია, გასავლელი დრო მყინვარის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. 

მესამე დღე 

მწვერვალზე ასვლა გამთენიის 03:00 საათზე იწყება. მარშრუტისკენ სამხრეთ ქედით მივდივართ, რომელიც მარტივად გასავლელია. მარშრუტზე აუცილებელია თოკზე ჩაბმა.  მწვერვალზე 5-10 წუთის დაყოვნების შემდეგ უშბის პლატოს საბანაკეზე ვბრუნდებით, მარშრუტის გავლისთვის 4-5 საათია საჭირო. ასავლელი ვერტიკალი 180 მეტრია.  

მეოთხე დღე

მეორე საბანაკედან პირდაპირ სოფელ მაზერში ვეშვებით. უამინდობისა და გართულებული აკლიმატიზაციისას დღეების რაოდენობა შესაძლოა, 1-2 დღით გაიზარდოს. 

დამატებითი ინფორმაცია 

შუროვსკის პიკზე ასვლა რეკომენდებულია ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე.

მესტიის ცენტრიდან მარშრუტის საწყის წერტილამდე 27 კმ-ია. ადგილზე მისასვლელად ნებისმიერი გამავლობის ავტომობილი გამოდგება. საჭიროების შემთხვევაში მანქანის დაქირავება მესტიის ავტოსადგურზეა შესაძლებელი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა