KA

ასვლა შხარაზე - კლასიკური მარშრუტი

მწვერვალ შხარაზე დამოუკიდებლად ასვლა მხოლოდ გამოცდილი მთამსვლელებისთვისაა რეკომენდებული. დამწყებმა მთამსვლელებმა მწვერვალზე ასვლა მხოლოდ გამოცდილ გამყოლთან ერთად უნდა დაგეგმონ. მარშრუტის სირთულე - 5ბ.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

შხარა - მწვერვალის დახასიათება

საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა მესტიის მუნიციპალიტეტში, საქართველოსა და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე მდებარეობს. შხარა კავკასიონის მთათა სისტემაში სიმაღლით მესამე მწვერვალია დიხთაუსა და იალბუზის შემდეგ. მისი სიმაღლე 5203 მეტრია. შხარის ჩრდილოეთით არის მყინვარი ბეზენგი, სამხრეთით - მყინვარი შხარა. 

მწვერვალი შხარა საქართველოში ერთ-ერთი ურთულესი მწვერვალია, მას არ გააჩნია საშუალო სირთულის მარშრუტები, ყველა მარშრუტის კლასი კვალიფიცირდება, როგორც 5ა ან 6ა.

მარშრუტზე გვხვდება ნაშალი ქვები, ნაპრალოვანი მყინვარები, თოვლის საფარი, ციცაბო კლდეები, ვიწრო გასასვლელები, ალესილი ქედები, საცოცი ფერდები.

პირველი დღე 

მარშრუტი უშგულის თემში იწყება, უშგულიდან შხარის მყინვარამდე მაღალი გამავლობის ავტომობილით 8-კილომეტრიან გზას გავდივართ. საავტომობილო გზა ზღვის დონიდან 2359 მეტრ სიმაღლეზე სრულდება. აქედან მყინვარის გავლით პირველ საბანაკომდე მივდივართ, რომელიც კლდოვან მასივში, 3500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ასავლელი ვერტიკალი 1141 მეტრია. მეორე საბანაკომდე მისასვლელად 5 თოკის გავლა გვჭირდება. 

მეორე დღე

პირველი საბანაკოდან მეორე საბანაკოსკენ მივდივართ, რომელიც ზღვის დონიდან 4300 მეტრ სიმაღლეზეა. ასავლელი ვერტიკალი 800 მეტრია. მარშრუტს მოკლე თოკში ჩაბმულები გავდივართ.

მესამე დღე 

მესამე საბანაკო ზღვის დონიდან 4800 მეტრზე მდებარეობს. ასავლელი ვერტიკალი 500 მეტრია. მონაკვეთი რთულია, ყინულისა და კლდის რელიეფი ცოცვითაა გასავლელი. საჭირო დრო 6-7 საათია. 

მეოთხე დღე

მესამე საბანაკოდან მწვერვალისკენ გამთენიისას გავდივართ. 403 ვერტიკალის ავლის შემდეგ მწვერვალ შხარაზე ვართ. მცირე ხანს ვყოვნდებით და უკან განსხვავებული მარშრუტით ვეშვებით, რადგან მარშრუტი, რომელიც ასვლისას გავიარეთ, თოვლის დნობისა და ქვის ცვენის გამო, დღის განმავლობაში საფრთხის შემცველი ხდება. უკან სამხრეთ ქედით, ნამყვამის მყინვარისკენ ვეშვებით და პლატოზე ვბანაკდებით. საჭირო დრო - 7-8 საათი.

მეხუთე დღე

პლატოდან სამხრეთ ქედისკენ, ნამყვამის მყინვარისკენ ვეშვებით. მყინვარის გავლით საავტომობილო გზაზე ვბრუნდებით.  

უამინდობისთვის დამატებით 2 სარეზერვო დღეს ვითვალისწინებთ.

დამატებითი ინფორმაცია

შხარაზე ასვლა რეკომენდებულია ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე.  

მესტიის ცენტრიდან მარშრუტის საწყის წერტილამდე 55 კმ-ია. ადგილზე მისასვლელად საჭიროა მაღალი გამავლობის ავტომობილი. მისი დაქირავება შესაძლებელია მესტიის ავტოსადგურზე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა