KA

ასვლა ჩათინზე - კლასიკური მარშრუტი (დასავლეთ ქედით)

მწვერვალ ჩათინზე დამოუკიდებლად ასვლა რეკომენდებული მხოლოდ გამოცდილი მთამსვლელებისთვისაა. დამწყებებმა მწვერვალი გამოცდილ გამყოლთან ერთად უნდა დალაშქრონ. მარშრუტის სირთულე - 3ა.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

მწვერვალი ჩათინის დახასიათება

მწვერვალი ჩათინი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოს თემის სოფელ მაზერში მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4412 მეტრია. მწვერვალის ფერდიდან ორი მყინვარი ეშვება - გულისა და უშბის, რელიეფი გვხვდება ნაშალი ქვის, ყინულისა და თოვლის საფარით, ნაპრალოვანი ყინულით, კლდოვანი ქედით. 

პირველი დღე  

მარშრუტი სოფელ მაზერში იწყება, ზღვის დონიდან 1672 მეტრზე. აქედან საფეხმავლო ბილიკით უშბის მყინვარისკენ მივდივართ. შდუგრას ჩანჩქერების გავლით მყინვარამდე 6 კილომეტრის გავლა მოგვიწევს. გზა ტყეშიც გადის და ქვიან რელიეფზეც. ამის შემდეგ იწყება მყინვარი. მყინვარიდან პირველ საბანაკემდე მივდივართ, რომელიც ზღვის დონიდან 3500 მეტრ სიმაღლეზე, ე.წ. კლდის თაროზე, უსაფრთხო, მშრალ და ქარისგან დაცულ ადგილზე მდებარეობს. საბანაკესთან შესაძლებელია წყლის მარაგის შევსება და ირგვლივ გადაშლილი ლამაზი ხედების თვალიერება. ასავლელი ვერტიკალი 1828 მეტრია. პირველ საბანაკემდე მისასვლელად 8-9 საათია საჭირო.

მეორე დღე

პირველი საბანაკედან მყინვარის ლაბირინთის გავლით თოკში ჩაბმულები ვინაცვლებთ მეორე საბანაკესკენ, უშბის პლატოზე, რომელიც 4100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ასავლელი ვერტიკალი 600 მეტრია, გასავლელი დრო მყინვარის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. 

მესამე დღე 

მწვერვალზე ასვლა გამთენიისას, 03:00 საათზე იწყება. მარშრუტი დასავლეთ ქედიდან იწყება, რომელსაც 3ა კატეგორია აქვს მინიჭებული. 200-მეტრიანი ქედი ყინულოვანია. შემდეგ 112-მეტრიან კლდოვან ქედზე გადავდივართ, სადაც მაღალი ალპინისტური გამოცდილებაა საჭირო. აქედან მწვერვალ ჩათინზე აღმოვჩნდებით. ასავლელი ვერტიკალი 312 მეტრია. მწვერვალზე 5-10 წუთის დაყოვნების შემდეგ უშბის პლატოზე მდებარე მეორე საბანაკეზე ვბრუნდებით. 

მეოთხე დღე

მეორე საბანაკედან სოფელ მაზერში ვეშვებით. თუკი უამინდობაა ან აკლიმატიზაციისთვის დამატებითი დროა საჭირო, დღეების რაოდენობა შესაძლოა, 1-2 დღით გაიზარდოს.  

დამატებითი ინფორმაცია

ჩათინზე ასვლა რეკომენდებულია ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე.

მესტიის ცენტრიდან მარშრუტის საწყის წერტილამდე 27 კმ-ია. ადგილზე  მისასვლელად ნებისმიერი გამავლობის ავტომობილი გამოდგება. ტრანსპორტის დაქირავება მესტიის ავტოსადგურზეა შესაძლებელი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა