KA
აფხაზური კერძები

აფხაზური კერძები

აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ. წეს-ჩვეულებები, ფოლკლორი, გასტრონომია, თანაცხოვრების ისტორია ცხადყოფს, რომ ქართველებსა და აფხაზებს საერთო ფესვები გვაქვს და, ბუნებრივია, ეს კულინარიაზეც აისახა.

აჯიკა და ფქვილით მომზადებული კერძები

აფხაზური სამზარეულოს ხსენებაზე, პირველ ყოვლისა, აფხაზური აჯიკა გაგონდება. იყო დრო, აფხაზეთიდან სტუმარი ისე არ მიდიოდა, ეს არომატული და გემრიელი სანელებელი რომ არ გაეყოლებინა. აფხაზური აჯიკის მთავარი მახასიათებელი შებოლილი ცხარე წითელი წიწაკა და აფხაზეთის მიწაზე მოყვანილი ხმელი სუნელებია.

აფხაზური აჯიკა საუკეთესო მისაყოლებელია აბისტაზე. აბისტა აფხაზური ღომია, მას ყვითელი სიმინდის ფქვილისგან ამზადებენ  და ოდნავ მარილს ამატებენ. როგორც წესი, აბისტა ყველანაირი აფხაზური კერძის მეწყვილედ მოიაზრება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ე.წ. აფხაზური ელარჯი - ჩემქვა. მნიშვნელოვანია, ჩემქვა ქათქათა იყოს, ეს არის მისი მთავარი მახასიათებელი. მეგრული ელარჯისგან განსხვავებით, ის მხოლოდ მჭადის ფქვილით კეთდება. მჭადის ფქვილს რძეში ხარშავენ და თხლად დაჭრილ მწიფე ჭყინტ ყველს უმატებენ. კარგად ჩაშუშვის შემდეგ ჩემქვა თეფშზე გადმოაქვთ. ხშირად სველი ხელით, როგორც ღვეზელს, ისე ახვევენ. მიირთმევენ თაფლიან მაწონთან ერთად ან ცალკე.

მეგრული და აფხაზური ტრადიციული კულინარიის მოყვარულები დღემდე დავობენ ძრძს სადაურობაზე. ძრძ არის კერძი, რომელიც მაწვნით, აჯიკით, ახალი ხახვით, ახალი ნივრით, მარილითა და ქორფა მწვანილით კეთდება. მერე ამ სოუსში შუაზე გაჭრილ, მოხარშულ კვერცხს ჩაალაგებენ და მაცივარში დგამენ გასაცივებლად. გეახლებიან ცხელ ღომთან ერთად. როგორც ამბობენ, ძრძ აფხაზური კერძია და სამეგრელოში აქედან მოგვიანებით გავრცელდა. შეიძლება,  აფხაზურ სუფრაზე ძრძ წითელი აფხაზური აჯიკით ან მწვანე პიტნიანი აჯიკით შენელებულიც იხილო. 

ხორცისა და ბოსტნეულის კერძები

აფხაზური გასტრონომიული კულტურა ოდითგან მესაქონლეობის ირგვლივ ვითარდებოდა. თუ გავითვალისწინებთ ადგილმდებარეობას, აფხაზეთის დიდი ნაწილი მთაგორიანია და სოფლის მოსახლეობა მესაქონლეობასა და მეჯოგეობას სულ მისდევდა. რძეს საძოვრებზე, მწყემსების ქოხებში გადაამუშავებდნენ და რძის პროდუქტებიც იქვე მზადდებოდა. რძეში იხარშებოდა ცომეულიც, ხშირად ხორციც და რძეში მოხარშული თიკანიც, სავარაუდოდ, ასეთ გარემოში შეიქმნა, მერე წითელი შებოლილი წიწაკის აჯიკა დაემატა და გაჩნდა დაუვიწყარი გემო. დღეს ამ კერძს სამეგრელოშიც ნახავ, მას  განსაკუთრებული სუფრისათვის ამზადებენ და დელიკატესად მიიჩნევა.

ახული - ასე ეძახიან ბოსტნეულის ნიგვზიან კერძს, რომელიც ისტორიის წიაღიდანაა. ახული კეჟერა ფხალია და აფხაზეთში მისი მომზადების საინტერესო რეცეპტი აქვთ. ფოთლებსა და თეთრ მკვრივ ძირებს ჯერ დაამწნილებენ, მარე კარგად გარეცხავენ, გაწურავენ და გატარებული ნიგვზით, ნივრით, ქინძით, წიწაკითა და მარილით შეასუნელებენ. თუ სიმჟავე არასაკმარისია, ძმარსაც დაუმატებენ.

აკუტაგჩაბა - აკუტაგჯი არის კვერცხი აფხაზურად. მოხარშულ კვერცხს ფრთხილად ვჭრით სიგრძეზე, ვაცლით კვერცხის გულს და ვაზავებთ ნიგვზიანი აფხაზური აჯიკით, ბროწეულის წვენით ან წამოდუღებული ძმრით. მიღებული ნაზავით ვავსებთ კვერცხის ცილას და ორივე ნაწილს ვაერთებთ, გარედან ვუსვამთ აჯიკას. ამ კერძს ხშირად ნაბახუსევზე მიირთმევენ, ტყემლის ან ხილის არაყთან ერთად.

აქვტიჟ ნიგვზიანი აფხაზური აჯიკით შეკმაზული მოხარშული დედალია. მოხარშულ დედალს დანით დავსერავთ და კარგად შევაზელთ აფხაზურ ნიგვზიან აჯიკას. უგემრიელესია.

აფხაზური ტკბილეული

გამორჩეული აფხაზური ტკბილეული ციტრუსის მურაბაა.

ერთი ვერსიით, ის კანგაუცლელი მანდარინით კეთდება, მეორე ვერსიით კი შერეული აქვს ფორთოხალი, ლიმონი და გრეიპფრუტი. ეს, ქილაში ჩამტკბარი, მთელი აფხაზეთის არომატების ნაკრები და აფხაზური სამზარეულოს შედევრია. 

ამ მურაბის მომზადებას განსაკუთრებული წესი სჭირდება - ციტრუსის კანმა სპეციფიკური გემო და სიმწარე რომ დაკარგოს, სამ-ოთხჯერ მდუღარე წყალში უნდა დამუშავდეს, მერე 10-12 საათით ვაჟინში ჩაიწყოს და ამის შემდეგ ადუღდეს სამჯერ, 5-5 წუთით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა