KA

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები

აქ მზე თითქოს სულ სხვანაირად ჩადის, ოქროსფერი სხივების ელვარება კი განსაკუთრებულ სანახაობას ქმნის. რთულია, ეს ადგილები დაათვალიერო და არ შეგიყვარდეს; არ იფიქრო, რომ აქაური ბუნება ნამდვილი სასწაულია დედამიწაზე. ეს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიებია.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ბორჯომი

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების  მდებარეობა

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები ერთდროულად საქართველოს სამ მხარეში - სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში, 107,649 ჰექტარზე გადაფენილი და სხვადასხვა კატეგორიის ხუთ დაცულ ტერიტორიას მოიცავს. ესენია:

  1. ბორჯომის ნაკრძალი; 

  2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი;

  3. ნეძვის აღკვეთილი;

  4. ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი; 

  5. გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი.

ბორჯომის ხეობაში, ოთხი ლანდშაფტის - სუბტროპიკულის, ზომიერის, სემიჰუმიდურისა და წინააზიურის კვანძში მდებარეობს Ბორჯომის ნაკრძალი, რომელიც 1935 წელს დაარსდა და ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც 1995 წელსაა შექმნილი. Ხეობის აღმოსავლეთითაა ნეძვის აღკვეთილი. ლანდშაფტების ეს სიუხვე თავისთავად გულისხმობს, რომ ფლორა და ფაუნა აქ უნიკალურია.   

Ბაკურიანიდან 9 კმ-ში, სამხრეთით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი, რომელიც ტაბაწყურის ულამაზეს ტბას, ჭაობებსა და ალპურ მდელოებს აერთიანებს. დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის უკანასკნელი ეპოქის ფლორისა და ფაუნის უნიკალური, გოდერძის ნამარხი ტყე კი, ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, გოდერძის უღელტეხილის მიდამოებშია. 

აქტიური დასვენება ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე

ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ტურის მოწყობაა შესაძლებელი, როგორც ფლორის, ისე - ფაუნის მოყვარულებისთვის. აქ ეწყობა: ლაშქრობები, საცხენოსნო თუ ველოტურები, ტურები “თოვლის ფეხსაცმელებით”. ყველა მათგანი საკმაოდ საინტერესოა, გზად კი ბევრი საპიკნიკე და საკემპინგო ადგილი შეგხვდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა