პოეტის მშობლიური სახლი, რომელშიც 1968 წელს სახლ-მუზეუმი გაიხსნა, კახეთის ულამაზეს სოფელ პატარძეულში მდებარეობს. მუზეუმის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მუზეუმის ფართობი 135 კვ.მ-ს შეადგენს, აქედან 24 კვ.მ საცავს უკავია.
მუზეუმში 1529 ექსპონატი ინახება: პოეტის ნაშრომები, მემორიალური ნივთები, ეთნოგრაფიული მასალები და დოკუმენტები.
აქ ნახავ გაცრეცილ ფურცლებზე გაკრული ხელით ნაწერ მოგონებებს, რომლებიც გიორგი ლეონიძეს წარმოგიდგენს, როგორც დიდ ჰუმანისტს.
შემოქმედებითი საქმიანობის გარდა, გიორგი ლეონიძე ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის მკვლევარიც იყო.
1930-იან წლებში ლეონიძის ინიციატივით მთაწმინდაზე მწერალთა მუზეუმი დაარსდა, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა. გიორგი ლეონიძის ინიციატივითა და ძალისხმევით გაიხსნა საგურამოში ილია ჭავჭავაძის მუზეუმი, სურამში კი - ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი.
გიორგი ლეონიძის შემოქმედებიდან განსაკუთრებული პოპულარობა წიგნმა „ნატვრის ხემ“ მოიპოვა. ამ წიგნის მიხედვით რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ ფილმი გადაიღო, რომელსაც უამრავი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.
მუზეუმის მონახულება საშუალებას გაძლევს, გაეცნო XX საუკუნის დიდებული ქართველი პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას, შეეხო ქართველი ხალხის სულიერ საგანძურს და უფრო მეტი გაიგო. აქ ღვინის სამშობლოს ულამაზესი ხედებითაც დატკბები.