შუა საუკუნეების ქართული და სომხური ეკლესიების სტილში აგებული ეს გრიგორიანული ტაძარი ნარიყალას ციხეს გადაჰყურებს. აქედანვე ჩანს მეიდანი, უძველესი აბანოები, მთაწმინდა, ტელეანძა და ფუნიკულიორი.
1806-1808 წლებში აგურით აშენებული ეს ეკლესია ეჩმიაძინიდან ლტოლვილი სომხების სახელს უკავშირდება. თავდაპირველად სასულიერო ცენტრი დარბაზული ტიპის იყო, ხოლო 1846 წელს შენობა გააფართოვეს და „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ეკლესიად გადააკეთეს.
ეკლესიის მთავარი გუმბათი 4 მრგვალ ბურჯს ეყრდნობა. შენობის ექსტერიერის დონეები აგურითვეა გამოყვანილი და საკმაოდ ლამაზ ფასადებს ქმნის. ინტერიერი კი შელესილია, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოხატეს.