KA

ველოტური - გოდერძი-მწვანე ტბა-დანისპარაული (ენდურო)

გოდერძის უღელტეხილი - მწვანე ტბა - დანისპარაულის ველოტური მარტივია და მისი დაძლევა ნებისმიერ ველომოყვარულს შეუძლია. ველოტურის ასაკრეფი ვერტიკალი 430 მეტრს შეადგენს.
რეგიონი
აჭარა
სოფელი
გოდერძი

ველოტურის სპეციფიკა

ბილიკის სიგრძე 15 კმ-ია და ის ზემო აჭარის ერთ-ერთი ულამაზესი ბილიკია.  ტერიტორია გამოირჩევა მრავალფეროვანი ლანდშაფტებით, ლამაზი ბუნებითა და ხედებით. ძირითადი გზა გრუნტოვანია, თუმცა ალაგ-ალაგ ბეტონიც შეგხვდება. 

ველოტური გოდერძის უღელტეხილზე იწყება და თავდაპირველად მწვანე ტბასთან მიდი, რომელიც ზემო აჭარის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ტბა ზღვის დონიდან 2058 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. 

აქედან გზა დანისპარაულისკენ გრძელდება, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს. ხუთსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ამ სოფელში ბევრ საინტერესო რამეს ნახავ, მაგალითად, 200 წლის ფურნეს, სადაც პურს აცხობდნენ. 

დანისპარაული ველოტურის ბოლო წერტილია. აქ შეგიძლია უგემრიელესი აჭარული კერძები დააგემოვნო და კარგად დაისვენო. 

რა უნდა გაითვალისწინო

მარშრუტის დაწყებამდე აუცილებლად გადაამოწმე, ხარ თუ არა აღჭურვილი შესაბამისად, გაქვს თუ არა წამოღებული ყველა საჭირო ნივთი, სათადარიგო ნაწილები და აფთიაქი.

გოდერძის უღ. - მწვანე ტბა - დანისპარაულის ველოტურისთვის მისაღები პერიოდია ივლისის მეორე ნახევრიდან პირველ თოვლამდე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა