ტური იწყება გონიოდან და მიემართები მთებისკენ, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება გონიოზე, ბათუმსა და შავ ზღვაზე.
ბილიკის სიგრძე 10,5 კმ-ია. გონიოდან გზა შერეული ტიპისაა, ერთმანეთს ენაცვლება ბეტონი და გრუნტი. რაც მეტ სიმაღლეზე ადიხარ, მით უფრო საინტერესო ხდება ირგვლივ პანორამა.
სარფი საქართველო-თურქეთის საზღვართან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტობაშის ნაპირზე მდებარეობს. ეს ველოტურის ბოლო წერტილია. აქედან იმავე მარშრუტის გავლით დაბრუნდები უკან.
ხანგრძლივი შესვენების მოწყობა შესაძლებელია როგორც სარფში, ისე უკანა გზაზე - გონიოში. ორივეგან შეგიძლია უგემრიელესი აჭარული კერძები დააგემოვნო და ადგილობრივების გამორჩეული სტუმართმოყვარეობით ისარგებლო.
მარშრუტის დაწყებამდე აუცილებლად გადაამოწმე, ხარ თუ არა აღჭურვილი შესაბამისად, გაქვს თუ არა: სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები.
გონიო - სარფის ველოტურის გასავლელად მისაღებია ყველა სეზონი, უთოვლო ზამთრის ჩათვლით.