KA

ველოტური: სასხორი-ქვათახევის მონასტერი-სასხორი

საქართველოს მრავალფეროვანი რელიეფი ველოტურებისთვის შესანიშნავი სივრცეა. ამის დასტურია ველოტური, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორსა და კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ქვათახევის მონასტერს მოგატარებს, უამრავ ახალ ადგილს აღმოგაჩენინებს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებს.

ველოტურის დასაწყისი - სოფელი სასხორი

ტურს სოფელ სასხორიდან დაიწყებ, იქამდე თბილისიდან მანქანით ჩახვალ. მარშრუტი ერთდღიანია. მოგზაურობის დასაწყებად კი იდეალური პერიოდი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლითაა.

სასხორი მდინარე ნიჩბისისწყლის ხეობაში, ნიჩბისის სერის ძირში მდებარეობს. აქ, სოფლის ტერიტორიაზე, რამდენიმე ისტორიული ძეგლია. მათ შორის, სოფლის სამხრეთით, მთავარი გზიდან 200 მეტრში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა, 500 მეტრში კი - წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია.  

ველოტურის გაგრძელება - ქვათახევის მონასტერი

ველოტურს კასპის მუნიციპალიტეტისკენ, ქვათახევის სამონასტრო კომპლექსისკენ გააგრძელებ, რომელიც რამდენიმე ნაგებობისგან შედგება: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო და საცხოვრებელი სენაკები. ეკლესია XII-XIII საუკუნეების ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. 

ეს ადგილი ქართლის უმთავრეს მონასტრად მიიჩნეოდა. გადმოცემის თანახმად, ეკლესიის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსის პატარა ნაწილია ჩატანებული. უდიდესი სიწმინდეა წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილიც, რომელიც სამონასტრო კომპლექსში ინახება.

უკან იგივე გზით სოფელ სასხორამდე ველოსიპედით შეძლებ დაბრუნებას, იქიდან კი მანქანით თბილისამდე ჩამოხვალ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა