„ჩემი პირველი ნაბიჯები მუზეუმთან ერთად“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც ძირითადად ზესტაფონისა და მიმდებარე სოფლების საჯარო სკოლების პირველკლასელები მონაწილეობენ. პატარები მუზეუმში მასწავლებლებთან ერთად მიდიან და სიძველეების აღმოჩენასა და მუზეუმთან დაკავშირებულ ინფორმაციას სახალისო თამაშების დახმარებით ეცნობიან. პროექტის ავტორების თქმით, ეს საუკეთესო საშუალებაა ბავშვებში საკუთარი ქვეყნის ისტორიის მიმართ ინტერესისა და შემეცნების გასაღვივებლად.
1968 წელს დაარსებულ მუზეუმში 8 500 ექსპონატი ინახება: ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანის მასალები, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX საუკუნის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები.
დამთვალიერებლების ყურადღებას განსაკუთრებით მე-12 საუკუნის ჯაჭვის პერანგი იქცევს, რომელმაც უამრავი ბრძოლა გამოიარა. ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, აგრეთვე, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უამრავი საინტერესო მასალა ინახება.
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ ზესტაფონში, დავით აღმაშენებლის N25-ში მდებარეობს და შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე, 10 საათიდან 18 საათამდე მუშაობს.