KA
Tbilisi, Sololaki district

სოლოლაკის უბანი

ახლანდელ თავისუფლების მოედანზე პირველი ნაგებობები რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომ დამყარებული მმართველობის დასაწყისიდანვე, 1820-იან წლებში აშენდა, რამაც მიმართულება მისცა ქალაქის მთავარ ღერძს - რუსთაველის გამზირს, ასევე მკაფიოდ განსაზღვრა მისი მიმდებარე საცხოვრებელი უბნების, სოლოლაკისა და მთაწმინდის კონტურები.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

სოლოლაკის ადგილმდებარეობა

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურის მქონე უბანი სოლოლაკი მოიცავს გიორგი ლეონიძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, გიზო ნიშნიანიძის, ლადო ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩებით შემოსაზღვრულ განაშენიანებას.

უბნის ისტორია

ისტორიული ავანაანთხევის მიმდებარე ტერიტორიის ახალი სახელი   სოლოლაკი, XIX საუკუნეში გაჩნდა. გადმოცემით, ის ნაწარმოებია სიტყვიდან „სულუ-ლაჰ“, რომლის წარმოშობას არაბობის ხანას მიაწერენ, თუმცა სიტყვა „სუ“ თურქულია და ნიშნავს წყალს. ეს სახელი ერქვა ახლანდელი ბოტანიკური ბაღის ნაწილის, უწინდელი „ციხის ბაღის“, მოსარწყავად აგებულ აკვედუკსა და მის მიმდებარე მთის კალთას. 

XIX საუკუნეში „სულუ-ლაჰ“ სალალაკად იქცა და ეს სახელი აქ გაშენებულ უბანს დაერქვა. დროთა განმავლობაში კი სალაპარაკო ენაში სოლოლაკი დამკვიდრდა. 

უბნის ინტენსიური განვითარება XIX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო და ის ბურჟუაზიული თბილისის საცხოვრებელ უბნად ჩამოყალიბდა. 

XIX საუკუნის პირველ ნახევარში, როცა თბილისი ჯერ კიდევ ძალიან დასუსტებული იყო 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის გამანადგურებელი შემოსევისგან, გარეთუბნის მიწები, ქართველ მეფეთა და თავად-აზნაურთა ყოფილი ბაღებისა და მამულების დიდი ნაწილი, თბილისში საკმაოდ მომრავლებულმა, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა ჩაიგდეს ხელში. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ვითარება იყო ამ პერიოდის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც - იქ, სადაც ადგილობრივთა ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობა იყო, ცენტრალური ქალაქების ეკონომიკურ სადავეებს და, შესაბამისად, განაშენიანების ცენტრალურ უბნებს ძირითადად ვაჭრობაში გაწაფული სხვა ერის წარმომადგენლები ეპატრონებოდნენ. 

ურბანული განვითარების ეს ეტაპი საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგრძნობა, თუმცა ყველაზე კარგი მაგალითი მაინც თბილისია, სადაც ქართველი არისტოკრატიის გარეთუბნის მამულებს მდიდარი უცხოელი მრეწველები ყიდულობენ და ერთმანეთზე უკეთესი სახლების მშენებლობას იწყებენ. ინტენსიური მშენებლობის გამო ამ უბნის ქუჩები „არქიტექტურული შეჯიბრის“ ასპარეზად იქცა, რის შედეგადაც ის შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ნიმუშების მქონე განაშენიანებად ჩამოყალიბდა. 

სოლოლაკში არა მხოლოდ შენობათა ფასადებია მხატვრულად ღირებული, არამედ სრულიად განსაკუთრებულია ამ სახლთა სადარბაზოები, რომლებიც პირველები ამცნობენ სტუმრებს სახლის დიდებულებას და მისი პატრონის შეძლებასა და გემოვნებას.  შესანიშნავი დეკორით, მდიდრულად გაფორმებული  კარის მქონე თითქმის ყველა სადარბაზო იტალიური და ადგილობრივი მარმარილოთი, კედლის მხატვრობით, ლითონის ნაჭედი დეტალებითა და ნაძერწი დეკორით იყო მორთული.  

კომუნისტურმა მთავრობამ ქალაქის ბურჟუაზია მტრად გამოაცხადა და მათ საცხოვრებელ სახლებში საბჭოთა მშრომელები შეასახლა. მას შემდეგ თითოეულ სახლში, ერთი ოჯახის ნაცვლად, 10-15 ან მეტი ოჯახი ცხოვრობს, რამაც  შენობების ავთენტიკურობა შელახა, განსაკუთრებით დიდი ზიანი მიადგა   საერთო სარგებლობის მქონე სათავსებს, ანუ სრულიად უყურადღებოდ დარჩენილ სადარბაზოებს. 

სოლოლაკის  ვრცელი პერიმეტრისა და  შენობათა დიდი რაოდენობის გამო, უბნის სრული რეაბილიტაცია ჯერ ვერ განხორციელდა, თუმცა უკანასკნელ წლებში რამდენიმე  ქუჩის, შენობისა და სადარბაზოს რესტავრაცია ჩატარდა (გალაკტიონის ქუჩა, ივანე მაჩაბლის ქ. N13, N17 და გალაკტიონის ქ. N18), რაც ყველას ნათლად აჩვენებს, როგორი იყო სოლოლაკის ნამდვილი, თავდაპირველი ხუროთმოძღვრული სახე.  

რას ნახავ სოლოლაკში?

ხის აივნიანი თბილისური სახლები

სოლოლაკის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურაში ჯერ კიდევ შემოგვრჩა ტრადიციული, ხის აივნიანი თბილისური სახლები: ამაღლების ქ. N8 და N23.          

ეკლექტიკა

ძირითადად უბანში დომინირებს ე. წ. ეკლექტური შენობები, რომელთა შორის გამოირჩევა: 

გერონტი ქიქოძის ქ. N11 - ევროპულ სტილთა ნაზავით შექმნილი არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში, მდიდარი მრეწველების მილოვების საცხოვრებელი სახლი, რომელიც 1914 წელს აშენდა არქიტექტორ გაბრიელ ტერ-მიქელოვის (1874-1949) პროექტით;

გერონტი ქიქოძის ქ. N9, რომელიც უბანში თავისი ულამაზესი კიბით არის ცნობილი. ფილიგრანული ოსტატობით დამზადებული, აჟურული დეკორის მქონე ერთმარშიანი, მორკალული კიბე ოდესღაც ფართო და ნათელ სადარბაზოს ამშვენებდა, სადაც ახლა მხოლოდ ჭერის მხატვრობა შემოგვრჩა.  

ისლამური და მავრიტანული მოტივები

სოლოლაკშია ისლამურ და მავრიტანულ კულტურათა საფუძველზე იმპროვიზებული ნაგებობებიც. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება: 

ივანე მაჩაბლის ქ. N17, ინჟინერ  ღაზარ სარქისიანის პროექტით 1910 წელს აშენებული სახლი, რომელიც ბაქოელ მენავთობე მკრტიჩ კალანტაროვს ეკუთვნოდა; 

დანიელ ჭონქაძის ქ. N11, რომლის რეკონსტრუქცია თბილისში ირანის გენერალურმა კონსულმა, მირზა რეზა ხანმა განახორციელა 1892 წელს.

სოლოლაკშია ქართული შუა საუკუნეების საეკლესიო დეკორით გაფორმებული სახლიც გალაკტიონის ქუჩა N22, რომლის არქიტექტორია ალბერტ ზალცმანი (1833-1897).

მოდერნი

უბნის სრულიად გამორჩეულ მემკვიდრეობას ქმნის მოდერნის სტილის ღირებული ნიმუშები. საცხოვრებელი სახლებიდან აღსანიშნავია:

ივანე მაჩაბლის ქ. N13 - ცნობილი ქართველი მეწარმის, დავით სარაჯიშვილის სახლი, რომელიც 1905 წელს აშენდა არქიტექტორ კარლ ცაარის პროექტით; გერონტი ქიქოძის ქ. N4; 

დანიელ ჭონქაძის N4 - ანა მადათოვას სახლი, 1902 წელს აშენდა არქიტექტორ მიხეილ ოჰანჯანოვის პროექტით; 

ჭონქაძის ქ. N12 - კომერსანტ ნიკოლოზ ბოზარჯიანცის სახლი, რომელიც 1915 წელს აშენდა არქიტექტორ მიხეილ ოჰანჯანოვის პროექტით; 

პავლე ინგოროყვას ქ. N20 – აშენდა 1914 წელს მიხეილ ნეპრინცევის (1877-1962) პროექტით;  

გალაკტიონის ქ. N3/5 -  არქიტექტორი ღაზარ სარქისიანი; 

ამაღლების ქ. N7 და N9;  

გიზო ნიშნიანიძის ქ. N3 - არქიტექტორ პავლე ზურაბიანის საკუთარი სახლი, 1905წ.; ლადო ასათიანის ქ. N66. 

სოლოლაკში მდებარეობს ყოფილი ბანკიც, 1915 წელს არქიტექტორ მიხეილ ოჰანჯანოვის თბილისური მოდერნის სრულიად გამორჩეული ნიმუში - გიორგი ლეონიძის ქ. N3; ხელთათმანების ყოფილი ატელიე - გიორგი ლეონიძის ქ. N3 და ვაჟთა ყოფილი III სკოლა, ლადო ასათიანის ქ. N50, რომელიც 1911 წელს აშენდა  არქიტექტორ ღაზარ სარქისიანის პროექტით. 

უბანში არის მოდერნის სტილში რეკონსტრუქციის კარგი მაგალითიც - გალაკტიონ ტაბიძის ქ. N18, რომლის 1911 წლის სადარბაზოს მხატვრობა ეკუთვნის თბილისისა და ბაქოს თეატრების დეკორატორს, ბენედიქტ ტელინგარტერს.

საბჭოთა პერიოდი

აღსანიშნავია, რომ კომუნისტებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში სწორედ  ბურჟუათა პრესტიჟულ უბანში ააშენეს საცხოვრებელი სახლი საბჭოთა მშრომელებისთვის - ეს არის საკმაოდ კარგი დაგეგმარებისა და სადა ფასადის მქონე შენობა, ბანკის მუშაკთა საცხოვრებელი სახლი, დანიელ ჭონქაძის ქ. N10.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა