KA

თბილისის ბოტანიკური ბაღის ზიპლაინი

თბილისში უამრავ საინტერესო ადგილს იპოვი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გასაოცარი ბუნება თბილისის ბოტანიკურ ბაღში დაგხვდება. სწორედ აქ არის ეროვნული ბოტანიკური ბაღის ზიპლაინის გზა, რომელიც ნარიყალას ტერიტორიიდან ეშვება. ნარიყალა კი უძველესი ციხესიმაგრეა, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე დგას და თბილისის ძველ უბანს გადმოჰყურებს.
რეგიონი
თბილისი

როგორ მოვხვდეთ ეროვნული ბოტანიკური ბაღის ზიპლაინთან?

თბილისის ძველ უბანში მდებარე ბოტანიკური ბაღის ბუნებრივი რელიეფი - მთა-გორები და კლდეები საუკეთესო ადგილია ზიპლაინისთვის. ნარიყალაზე მოსახვედრად უმოკლესი გზა რიყის პარკში მდებარე საბაგიროა, საიდანაც 3 წუთში ნარიყალაზე მოხვდები. აქედან კი საცალფეხო ბილიკით 5 წუთში ზიპლაინის ზედა სადგურამდე მიხვალ. სადგურზე ინსტრუქტორები დაგხვდებიან, სპეციალურ ეკიპირებას მოგარგებენ, მითითებებს მიიღებ და დაშვებას შეძლებ.

რა უნდა იცოდე ეროვნული ბოტანიკური ბაღის ზიპლაინზე

ზიპლაინის ორ - ზედა და ქვედა ბაქანს შორის მანძილი 275 მეტრია, სიმაღლე - 30 მეტრი, ნებადართული წონა კი - 25-130 კგ;

ამ ხაზზე სამ ადამიანს ერთდროულად შეუძლია დაშვება. ზიპლაინს დაშვების ორი რეჟიმი აქვს - სწრაფი და საშუალო, რაც იმას ნიშნავს, რომ ატრაქციონით სარგებლობა, ექსტრემალების გარდა, მოზარდებსაც შეუძლიათ და იმ ზრდასრულებსაც, ვინც ზიპლაინით სარგებლობას პირველად აპირებს.

აქ გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე სკაფანდრიან ადამიანებს ხშირად შეხვდები, რომლებიც ხელებგაშლილები, მხიარული ყიჟინით მოსრიალებენ, მდინარე წავკისისწყლის ხევის ლამაზ პეიზაჟებს „გადაუფრენენ“ და 2 წუთში ბოტანიკური ბაღის ზედა შესასვლელთან დაეშვებიან, იქ, სადაც იაპონური ბაღია. 

თუ ხელახლა დაშვება მოგინდა, ზედა სადგურამდე სპეციალური ელექტრომობილი აგიყვანს. ხოლო თუ დაშვების შემდეგ ბოტანიკურ ბაღში დარჩები, შეგიძლია იქვე მოლზე დაისვენო, ტერასიდან ახედო გზას, რომელიც ჩამოიქროლე და შემდეგ ბოტანიკური ბაღის ულამაზეს ბილიკებს გაუყვე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა