შეყვარებულმა მედეამ იაზონს „პრომეთეს წამალი“ მისცა, რომელიც პრომეთეს სისხლზე აღმოცენებული მცენარისგან მზადდებოდა. მისი შემწეობით ბერძენი უფლისწული უძლეველი გახდა. სწორედ ეს დაეხმარა მას მედეას მამის, კოლხეთის მეფის, აიეტის დავალებების შესრულებაში. შეყვარებულმა მედეამ ჯადოსნური გალობითა და წამლის პკურებით გველეშაპი დააძინა და იაზონი ოქროს საწმისს დაეუფლა.
აი, ამიტომ დაერქვა ქუთაისთან, წყალწითელას კანიონის სამხრეთში, სოფელ გოდოგნის ხიდთან არსებულ ბუნების ძეგლს იაზონის მღვიმე.
ეს არის მცირე ზომის სტალაქტიტებით, სტალაგნატებითა და სტალაგმიტებით გამორჩეული 40 მეტრი სიგრძის მღვიმე, რომელსაც თაღის ფორმის შესასვლელი აქვს. მისი სიგანე თანდათან 2,5 მეტრამდე მცირდება, ხოლო სიმაღლე 0,5 მეტრამდე დაბლდება. ბოლოში მღვიმე ლამიანი ჩამონაშლითაა გადაკეტილი.
იაზონის მღვიმე მხოლოდ ამ მღვიმისთვის დამახასიათებელი ცხოველებითაა დასახლებული. აქ მოპოვებული ცხოველთა ძვლები და კაჟის იარაღები ცხადყოფს, რომ მღვიმე პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომი იყო.