მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი რამ გასაკვირი არაა წყალდიდობებისას, თუკი მდინარე წითელი მიწის კალაპოტში მიედინება და აზვირთებული მას რეცხავს. თუმცა ხალხი სხვა რამეს ამბობს - მდინარე ხრესილის ცნობილი ომის შემდეგ გაწითლებულა, როცა ქვეყნის თავისუფლებისა და მთლიანობისთვის მებრძოლი ქართველების სისხლით შეღებილა. აღნიშნული ბრძოლა ქართველებმა მოიგეს, მდინარე კი წითელი გახდა და ეს სახელიც აქედან დაერქვა.
წყალწითელას კანიონისებური ხეობა ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. ამ ადგილს ბუნებრივად ერწყმის ისტორიული ძეგლები: გელათის სამონასტრო კომპლექსი და მოწამეთას მონასტერი - აუცილებლად სანახავი სალოცავები.
აქ სხვადასხვა სახეობის თევზსაც შეხვდები, ესენია: კალმახი, წვერა, ჭანარი, მურწა, ქაშაპი, ტობი, შამაია და სხვა. მდინარის ნაპირიდან ტურის, წავისა და ნუტრიას დამფრთხალ მზერასაც იგრძნობ. ზამთარში კი წყალმცურავი ფრინველები ნამდვილ სანახაობებს აწყობენ.
აუცილებლად უნდა ნახო წყალწითელას ხეობა, განსაკუთრებით ადრიან შემოდგომაზე, როცა კოლხურ ტყეში ფოთლებს ფერები ეცვლება და ბუნება მთებზე საოცარ ფერწერულ ტილოებს ქმნის.