მარნეულის მუნიციპალიტეტში არაერთი მოქმედი მეჩეთია. ცენტრალური მეჩეთი კი, რომელიც იმამ ჰუსეინის სახელობისაა, ქალაქ მარნეულში მდებარეობს.
სამლოცველო დარბაზი მეჩეთის მეორე სართულზეა მოწყობილი. პირველი სართულის საკმაოდ ვრცელი ფართი კი სხვადასხვა ღონისძიებისთვის გამოიყენება. აქვეა შიიტური საგანმანათლებლო და სოციალური ცენტრი.
იმამი ჰუსეინი წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი იყო. იგი 680 წელს დღევანდელი ერაყის ქალაქ ქარბალას უდაბნოში შეტაკებისას მოკლეს. შიიტები ჰუსეინს წამებულად და მესამე იმამად მიიჩნევენ.
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოველწლიურად ასრულებენ აშურას - ტრადიციული გლოვის რიტუალს. აშურა მოძრავი დღესასწაულია, ისლამური მთვარის კალენდრის - მუჰარამის თვის (სექტემბერი) მეათე დღეს იწყება და ორ დღეს გრძელდება. შიიტი მუსლიმანები ამ დღეს მსვლელობას აწყობენ, სამგლოვიარო სიმღერებს მღერიან, იმამ ჰუსეინის მკვლელს გმობენ, იმამს კი ქება-დიდებას ასხამენ.