KA

იფრარი - ჭველფი

სოფელი იფრარი ზემო სვანეთში მდებარეობს, სადაც ულამაზესი ბუნება და გასაოცარი ხედები დაგხვდება. ჭველფი კი ქვემო სვანეთის სოფელია. ამ ორ სოფელს ერთმანეთთან ლატფარის უღელტეხილი აკავშირებს. ქედიდან ულამაზესი სანახაობა იშლება - ხელისგულივით მოჩანს უშგული და ქვემო სვანეთი.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

რა უნდა იცოდე მარშრუტის შესახებ?

მარშრუტის სიგრძე 17 კმ-ია, სიმაღლის სხვაობა იფრარიდან უღელტეხილამდე 700 მეტრია, უღელტეხილიდან ჭველფამდე კი 1750 მ; აღსანიშნავია, რომ გზა საკმაოდ რთულია, თუმცა წინ მრავალფეროვანი სანახაობა გელოდება, რაც ამ გამოცდილებას ნამდვილად დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. 

სოფელი იფრარი

სოფელი იფრარი მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 2100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. 

ამ სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობა XI საუკუნის ტაძარია – იფრარის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, რომელიც უძველესი სვანური ხუროთმოძღვრების ნიმუშია. აღსანიშნავია გარე ფასადზე ფერწერის კვალი, რაც მიგვანიშნებს, რომ საუკუნეების წინათ გარე ფასადიც მოხატული ყოფილა. ეს კი საქართველოში მხოლოდ სვანეთისთვისაა დამახასიათებელი. 

მარშრუტი სოფელ იფრარიდან იწყება, ხიდით გადაკვეთს მდინარე ენგურს და ლატფარის უღელტეხილისკენ იწყებს ასვლას.

ლატფარის უღელტეხილი

უღელტეხილი ზღვის დონიდან 2800 მეტრზეა, 

სადაც წმინდა ლუკა მოციქულის სახელობის ტაძარი მდებარეობს. ეკლესია 2018 წელს აშენდა. ეს ადგილი განსაკუთრებით მისტიკურია ზამთარში, როცა თეთრად გადათოვლილ სივრცეში მხოლოდ ტაძარი გამოიყურება უცვლელად. 

ქედი ალპური და სუბალპური მდელოებითაა დაფარული. ამ ხედებით ტკბობის შემდეგ კი გეზი სოფელ ჭველფისკენ უნდა აიღო. 

სოფელი ჭველფი 

ჭველფი მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და ის ზღვის დონიდან 1150 მეტრზეა. მიუხედავად იმისა, რომ ჭველფი პატარა სოფელია, აქ საოჯახო სასტუმროსაც შეხვდები, სადაც სურვილისამებრ სვანური სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებ. გაითვალისწინე, რომ ჭველფიდან ლენტეხამდე - ქვემო სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე 18 კმ-ია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა