KA

X-პარკი

კლუბ ჯომარდის „X პარკი“ ფშავის სოფელ თვალივში მდებარეობს. ფშავის არაგვის მარცხენა მხარეს გაშენებული ეს სოფელი ზღვის დონიდან 900 მეტრ სიმაღლეზეა. კლუბი ჯომარდი მდინარე არაგვთან ახლოს მდებარეობს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

რა დაგხვდება?

თოკების საჰაერო პარკი, ზიპლაინები და წინაღობები – ეს „X პარკის“ აქტივობების არასრული ჩამონათვალია. პარკში შესვლა უფასოა. 

აქ მარტივი, საშუალო და რთული კატეგორიის თოკების საჰაერო მარშრუტებია. მარტივ საჰაერო თოკებზე გავლა 6 წლის ბავშვებსაც შეუძლიათ. საშუალო მარშრუტი კი მოზარდებისა და ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი. ეს გზა 2 ზიპლაინსაც აერთიანებს. რთულ მარშრუტზე განსაკუთრებულად საინტერესო თავგადასავალი სპორტულ ფორმაში მყოფებს ელით. 

პარკში სრულიად დაცულია უსაფრთხოების ზომები. სტუმრებს პროფესიონალი ინსტრუქტორები ეხმარებიან. საჰაერო თოკები შექმნილია KONG ფირმის ორმაგი დაცვის სისტემით, რაც ჩამოვარდნის რისკს გამორიცხავს. 

ტერიტორიაზე 50 საკარვე ადგილია. შეგიძლია, ადგილზე იქირაო კარავი საძილე ტომრით.

ეზოში მოწყობილია საცეცხლურები და საპიკნიკე მაგიდა.  

პარკში გემრიელი საკვებითაც გაგიმასპინძლდებიან.

როგორ მივიდეთ?

სოფელი თვალივი თბილისიდან 70 კმ-ში მდებარეობს. სოფელში შესვლისთანავე მაღაზიებს დაინახავ. აქედან დაახლოებით 3-4 კილომეტრში საჯომარდო ბაზა შეგხვდება, რომელსაც უნდა გასცდე. კლუბ ჯომარდის „X პარკის“ აბრას კი 1 კმ-ის შემდეგ დაინახავ.

როდის არის საკემპინგე სეზონი? 

„X პარკი“ გაზაფხულის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ღიაა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა