სუფსის სექციის სირთულის კატეგორიაა 2, 3.
სოფელი გურისტყე, რომლის სიახლოვესაც მარშრუტი იწყება, მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გურიის სერის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სუფსის მარჯვენა სანაპიროზე.
მდინარე სუფსა სათავეს იღებს მესხეთის ქედის უმაღლეს მწვერვალ მეფისწყაროსთან, ზღვის დონიდან 2800 მ-ზე. სუფსა ყველაზე გრძელი და წყალუხვი მდინარეა გურიაში. მდინარის სიგრძეა 108 კმ, საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლებით, სოფელ გრიგოლეთთან შავ ზღვას ერთვის.
მარშრუტი იწყება სოფელ გურისტყესთან, ზღვის დონიდან 270 მ-ზე და სრულდება სოფელ ბუკისციხეში, ზღვის დონიდან 200 მ-ზე.
სექციის სიგრძეა 4,8 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 70 მ, სირთულის კატეგორია - 2, 3 (რეგულარული ტალღები, ღია და ნათელი გადასასვლელები, საშუალო დინება, საჭიროებს მანევრირებას).
მდინარე სუფსაზე კაიაკინგის თვეებია აპრილი, მაისი, ივნისის დასაწყისი და ოქტომბერი.
სოფელ გურისტყემდე ქალაქ ჩოხატაურიდან 12 კმ-ია. სასტარტო ადგილას მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი გამავლობის ავტომობილით.
კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება.
რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას.
კაიაკინგში მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი.