ჩაქვისწყლის სექციის სირთულის კატეგორიაა 3-4+.
სოფელი ჩაქვისთავი, სადაც მარშრუტი იწყება, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აჭარაში მდებარეობს. მთლიანად გარშემორტყმულია მტირალას ეროვნული პარკით.
მდინარე ჩაქვისწყალი სათავეს იღებს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1295 მ-ზე. მდინარის სიგრძეა 25.2 კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. ჩაედინება შავ ზღვაში.
მარშრუტი იწყება სოფელ ჩაქვისთავში, ზღვის დონიდან 315 მ-ზე და სრულდება სოფელ ხალასთან, ზღვის დონიდან 140 მ-ზე.
მარშრუტის სიგრძეა 7 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე 175 მ, სირთულის კატეგორია 3-4+ (მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, ნათელი, მაგრამ ვიწრო გასასვლელები).
ჩაქვისწყალზე კაიაკინგის თვეებია გვიანი მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი და ოქტომბერი.
სოფელ ჩაქვისთავამდე ქობულეთიდან 32 კმ-ია. სასტარტო ადგილას მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი გამავლობის ავტომობილით.
კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება.
რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას.
კაიაკინგში მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი.