KA

კაიაკინგი ცხენისწყალზე

მდინარე ცხენისწყლის კაიაკინგის მარშრუტი 4 სექციისგან შედგება. 
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ლენტეხი

მდინარის სირთულე

ცხენისწყლის სექციების სირთულის კატეგორიაა 3-5.

ადგილმდებარეობა

სოფელი საყდარი, საიდანაც დაშვება იწყება, მდებარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს. 

მდინარე

მდინარე ცხენისწყალი სათავეს იღებს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ფასისმთასთან, ზღვის დონიდან 2710 მ-ზე. მდინარის სიგრძეა 176 კმ,  საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლებით. სოფელ საჯავახოსთან, კოლხეთის დაბლობზე, მარჯვენა მხრიდან ერთვის მდინარე რიონს. 

მარშრუტი

პირველი სექცია იწყება სოფელ საყდარში, ზღვის დონიდან 1040 მეტრზე და სრულდება დაბა ლენტეხში, 770 მეტრზე.
პირველი სექციის სიგრძეა 11 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 270 მ, სირთულის კატეგორია 4-5 (უკიდურესად რთული, გრძელი და რთული რეპიდები, ციცაბო ვარდნები, დიდი ქვები).

მეორე სექცია იწყება ლენტეხში, ზღვის დონიდან 770 მ-ზე და სრულდება ცაგერში, ზღვის დონიდან 590 მ-ზე. მეორე სექციის სიგრძეა 12 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 180 მ, სირთულის კატეგორია 3-3+(საშუალო სირთულის, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები).

მესამე სექცია იწყება ზუბის კანიონში, ცაგერის მუნიციპალიტეტში და სრულდება სოფელ მახურაში, ზღვის დონიდან 360 მ-ზე.
მესამე სექციის სიგრძეა 8 კმ, ვერტიკალური ვარდნა 45 მ, სირთულის კატეგორია - 4 (რთული, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები); სექცია დამოკიდებულია წყალსაცავის წყალზე. მესამე სექციის გავლამდე რეკომენდებულია კანიონის დაზვერვა.

მეოთხე სექცია იწყება სოფელ მახურაში, ზღვის დონიდან 360 მ-ზე და სრულდება სოფელ ხიდში, ზღვის დონიდან 190 მ-ზე.
მეოთხე სექციის სიგრძეა 24 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 170 მ, სირთულის კატეგორია 3-4 (რთული, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები).

მარშრუტის სეზონურობა

პირველ და მეორე სექციაზე კაიაკინგის თვეებია აპრილი, მაისი, ოქტომბერი.
მესამე სექციაზე - მარტ-ოქტომბერი.
მეოთხე სექციაზე - მარტის ბოლო, ოქტომბრის დასაწყისი.

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

სოფელ საყდრამდე ლენტეხიდან 12 კილომეტრია. სასტარტო ადგილას მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით.

უსაფრთხოება 

კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება. 

რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას. 

კაიაკინგში  მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა