KA
Katskhi Settlements

კაცხის ნამოსახლარი

1957 წელს ჩატარებულმა ექსპედიციამ დაადასტურა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაცხის ტერიტორიაზე არსებული ნამოსახლარი ქვის ხანისაა. აქ ნაპოვნია 2300-ამდე სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო, სამუშაო და საბრძოლო იარაღი. კაცხის მიმდებარედ, საქორიასა და სარბებში აღმოჩენილი ძეგლების ნაშთი 4-4,5 ჰექტარზეა გადაშლილი. ეს ადასტურებს, რომ ერთ დროს აქ სიცოცხლე ჩქეფდა.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ჭიათურა

საქორიაზე პირველყოფილი ადამიანის არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ სახელოსნოს კვალიც იკვეთება, ამაზე მეტყველებს საჩეხი იარაღის, ხელცულების, წვეტანების, საფხეკების, სახვრეტების აღმოჩენა. ძეგლზე უამრავი ანატკეციცაა. უძველესი იარაღი ადრე აშელურ ხანას მიეკუთვნება, დანარჩენი კი გვიანი აშელური პერიოდისაა. 

საქორიიდან 500 მეტრში, სოფელ კაცხის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს სარბები. აქ მოპოვებული ნუკლეუსები, ანატკეცები და იარაღები გვიან აშელური ხანით თარიღდება. კაცხის ტერიტორიაზე გამოვლენილია ქვედა პალეოლითური ძეგლები. იქ მოპოვებულია 2300 ნივთი, რომლებიც დღეს ქალაქ თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ძეგლი ადრეული მუსტიეს ეპოქით თარიღდება.

1972 წელს ძლიერმა ქარიშხალმა კაცხის ტერიტორიაზე ცაცხვის ხე წააქცია და მის ფესვებქვეშ თაღოვანი გადახურვის აკლდამა აღმოჩნდა, რომელიც გვიან ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარზეა აშენებული. არეული ძვლების გამო, დაკრძალვის წესის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა ძვლებსა და ნაყარ მიწას შორის აღმოჩენილი კერამიკული ჭურჭლის ნაშთი ანტიკური და შუა საუკუნეებით დათარიღდა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა