კოჯრის ციხე, რომელსაც, აგრეთვე, ქოროღლის ციხეს, აგარათა ციხეს, აზეულას ციხეს ეძახიან, კოჯრის სამხრეთით, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე, აზეულის მთის წვერზეა აშენებული. სპეციალისტების აზრით, ციხე XI საუკუნის ნაგებობაა. კლდეზე რამდენიმე იარუსად დაშენებული ციხე სომხეთისა და თბილისის დამაკავშირებელ საქარავნო გზას იცავდა, ამიტომ შუა საუკუნეებში დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამასთან, აგარანი ძველთაგანვე ქართველ მეფეთა საზაფხულო სადგომად ითვლებოდა, აქ იყო მეფეთა მთავარი საჯინიბოებიც.
ქოროღლის ციხე ნატეხი ქვითა და აგურითაა ნაგები და სქელი დუღაბითაა შელესილი. ჩვენს დრომდე მხოლოდ გალავნისა და მისი ორი კოშკის ნანგრევებმა მოაღწია, თუმცა ეს ნანგრევები მრავალი ბრძოლისა და დარბევის მომსწრეა. აქედან ქართლის თვალუწვდენელი სივრცეები და ულამაზესი ხედებიც იშლება.
კოჯრის ციხესთან ბრძოლები ბოლოს 1921 წელს გაიმართა, როდესაც რუსეთის მე-11 წითელ არმიას ქართველი იუნკრები დაუპირისპირდნენ. დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს ამ ადგილზე მემორიალია აღმართული.
ისტორიული ექსკურსიის გარდა, კოჯორი შესანიშნავი ადგილია ბუნებაში განტვირთვის, პიკნიკის ან ტყეში მსუბუქი ლაშქრობისთვის. ციხე-სიმაგრესთან მიდის სამანქანო გზა, რომლის ბოლო მონაკვეთიც გრუნტისაა. კოჯორში დადის ავტობუსი. მისი გაჩერებიდან - ციხემდე, დაახლოებით, 1,5 კმ-ია.
ადგილი, სადაც მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია მდებარეობდა, სიმშვიდესა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდება.