KA

კურზუ - ოჩხომურის ჩანჩქერი

სოფელი კურზუ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ამ ადგილს ერთხელ მაინც უნდა ესტუმრო, რადგან შენს სათავგადასავლო გზაზე საქართველოს ბუნების ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლს - ოჩხომურის ჩანჩქერს შეხვდები.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მარტვილი

სოფელი კურზუ-ოჩხომურის ჩანჩქერი

მარშრუტი სოფელ კურზუდან იწყება, რომელიც ქალაქ მარტვილიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული. ამ გზას მანქანით მარტივად დაფარავ. სოფლიდან ოჩხომურის ჩანჩქერამდე კი ბილიკი მიდის, რომელიც შეგიძლია როგორც ფეხით, ისე ცხენებით გაიარო. მარშრუტი მარტივია და 3,3 კილომეტრს შეადგენს.

სოფელი კურზუ ზღვის დონიდან  322 მეტრზე მდებარეობს, ხოლო ოჩხომურის ჩანჩქერი 554 მეტრზე.

მარშრუტი სოფლის ცენტრში იწყება და გრუნტის გზით, მდინარე ოჩხომურის ხეობას მიუყვება; სოფლის ბოლოს გზა ტყეში შედის და მალევე შეგხვდება რკინის საფეხმავლო ხიდიც რომლითაც მდინარეს ოჩხომურს გადაივლი. აქ პატარა აღმართია და შემდეგ კიდევ ერთხელ მოგიწევს მდინარის გადაკვეთა, თუმცა ახლა უკვე ხიდის გარეშე - ამ მონაკვეთში წყალი დაბალია და მდინარეზე ფეხით გადასვლა არ გაგიჭირდება. ზაფხულში კი შეიძლება ეს მონაკვეთი მშრალიც დაგხვდეს.

საბოლოოდ მარშრუტი აღმართს შეუყვება და ძველი ნასოფლართან მიდის - ეს, ფაქტობრივად, ოჩხომურის ჩანჩქერის ძირია. აქ მდელოზე კარვის გაშლა და დაბანაკებაც შეგიძლია. 

ამ ადგილიდან ჩანჩქერამდე მდინარეს დიდი ზომის ლოდებით გადაივლი და ოჩხომურის ჩანჩქერთან აღმოჩნდები. ჩანჩქერი მთა მიგარიას კირქვულ მასივზე სამ საფეხურად ჩამოედინება და თითოეული საფეხურის ქვეშ პატარა ტბას აჩენს.  

როდის უნდა ესტუმრო ოჩხომურის ჩანჩქერს?

ამ მარშრუტისთვის საუკეთესო პერიოდი მაისიდან ნოემბრის ბოლომდეა.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა