KA

ბეშუმი

გიოცნებია, ერთ მშვენიერ დილას ტყეში ჩაფლულ კოტეჯში, ტყის სურნელსა და ჩიტების ჭიკჭიკში გაგღვიძებოდა? ან გიფიქრია, რომ ცაში ღრუბლები შენგან ერთი ხელის გაწვდენაზეც შეიძლება მიცურავდეს? დაღამებისას მთელი გალაქტიკის დანახვაზე რას ფიქრობ? გგონია, ეს ყველაფერი მხოლოდ ჯადოსნურ ზღაპრებში ხდება? არა, ეს რეალობაა, რომელიც ბეშუმში დაგხვდება.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:05 სთ
ბათუმი
3:55 სთ
ქუთაისი
5:15 სთ

სად მდებარეობს ბეშუმი?

ბეშუმი ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე, მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს. იქ მისასვლელად მთებს შორის გაკვალული დაკლაკნილი გზები უნდა გაიარო. გზა, რომელიც აჭარისწყლის ხეობას მიუყვება, ყოველ ახალ მოსახვევში ახალ სანახაობას გთავაზობს, სავსეს მთიანი აჭარის ჭრელაჭრულა სოფლებით, სალოცავებითა და მყუდრო სახლებით. თუმცა მთავარი სანახაობა წინაა. 

თუ გზას უფრო მაღლა აუყვები და გოდერძის უღელტეხილს გადალახავ, ალპურ ზონაში აღმოჩნდები - წიწვოვანი ტყის, ფერადი ქოხებისა და ცვრიანი ბალახის სამეფოში - ბეშუმში, სადაც ცასთანაც ახლოს ხარ და მიწასთანაც. 

საკურორტო სეზონი ბეშუმში 

ივნისიდან სექტემბრამდე კურორტ ბეშუმს უამრავი ადამიანი სტუმრობს გამჭვირვალე, ჟანგბადით გაჯერებული გრილი ჰაერისთვის, სუფთა სასმლისა და მინერალური წყლებისთვის, მზის სხივებისა და სამკურნალო ტალახებისთვის. ბეშუმი საუკეთესო ადგილია გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების, ბრონქული ასთმისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების სამკურნალოდ.

ბუნების საოცრებების გარდა, ბეშუმი უამრავ თავგადასავალსაც გპირდება - საპიკნიკედ, საკარვედ, საფეხმავლო ან საცხენოსნო ტურებისთვის უამრავ მდელოსა თუ ბილიკს დაგახვედრებს. რაც მთავარია, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას შენ აქ ნამდვილი დღესასწაულის მომსწრე გახდები. 

ყოველ წელს ბეშუმი შუამთობის დღესასწაულს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც მრავალი კულტურული ღონისძიება იმართება - ეწყობა ადგილობრივი კერძებისა და რეწვის ნიმუშების გამოფენა, შეჯიბრებები დოღსა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

ბეშუმის გამორჩეული სამზარეულო

ბეშუმში გასინჯავ უგემრიელეს ბორანოს, სინორს, ფხალლობიოს, ყურუთს, ხავიწს... ჯერ არაფერს გეუბნება ეს სახელები? ესე იგი, კარგი მიზეზი გქონია იმისთვის, რომ მომდევნო ზაფხულის ცხელი დღეები სწორედ აქ, საქართველოში, აჭარის მაღალ მთებში გაატარო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა