KA

გონიო - აჭარის ზღვისპირა კურორტი

სუფთა, კამკამა წყალი, მთის ძირში გაშლილი პლაჟი, განსაკუთრებული მიკროკლიმატი, რომელსაც ლურჯი ზღვისა და ტყეებით დაფარული მთების სიახლოვე ქმნის - ეს გონიოა, კურორტი აჭარის ზღვისპირეთში. 
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
6:20 სთ
ბათუმი
0:25 სთ
ქუთაისი
2:55 სთ

გონიოს სანაპირო

დაბა გონიო ბათუმიდან 12 კმ-ში მდებარეობს, საქართველო-თურქეთის საზღვართან, ზღვის დონიდან 30 მეტრზე. ეს ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ადგილია აჭარის რეგიონში, თუმცა ამ ტერიტორიაზე ბევრი ზღვისპირა სახლი და საოჯახო სასტუმროცაა, რაც აქაურობას მყუდროებას სძენს. 

გონიოს ფართო პლაჟებზე დაგებული პრომენადები სეირნობისთვის ძალიან მოსახერხებელია. ზღვა სანაპიროდან ულამაზესი ჩანს, თუმცა არანაკლებ ლამაზია ზღვიდან დანახული სანაპირო. შეცურავ ზღვაში, გამოიხედავ პლაჟისკენ და… მთები თითქოს პირდაპირ სანაპიროზე გელიან. 

დასვენების, სეირნობის, მზის ამოსვლისა თუ ჩასვლის საყურებლად, სურათების გადასაღებად გონიო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. 

გონიოს ისტორია 

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ ახლანდელი გონიო ჯერ კიდევ ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებში იყო დასახლებული. მისი ძველი სახელწოდება „აფსარი“ ქართულ, ბერძნულ და ლათინურ წყაროებში სხვადასხვა ფორმით გვხვდება და იხსენიება, როგორც „აბსარი“, „აფსაროსი“, „აფსარეა“. სახელი „გონიო“ კი უფრო მოგვიანებით, XII-XIII  საუკუნეებში ჩნდება. XIX საუკუნეში გონიოს შემადგენლობაში 50 სოფელი შედიოდა. მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები, ძირითადად ფეტვი და სიმინდი. 

გონიოს ციხე

I საუკუნეში გონიოში ააგეს ციხესიმაგრე, სახელად „აფსარუნტი“. უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მდებარეობის მქონე ციხე ჯერ ბიზანტიელების, შემდეგ კი ოსმალების გასამაგრებელი ადგილი იყო. 

გონიოს ციხის გვერდით მდინარე ჭოროხი ჩამოდიოდა და ზღვას უერთდებოდა, რომლითაც ადრე ართვინში გადადიოდნენ. მოგვიანებით მდინარის ეს მხარე ჩაუკეტავთ, შემდეგ იქ წყალი დაგუბებულა და ახლა გონიოს ტბის სახელითაა ცნობილი. 

გადმოცემის მიხედვით, გონიოს ციხის ასაშენებლად მუშები ქვებს ერთმანეთს კვარიათიდან გონიომდე ცოცხალი დერეფნით, ხელიდან ხელში აწვდიდნენ. ციხესიმაგრის ფენებში უდიდესი, თითქმის 1 მეტრი სისქის ლოდები ჩანს. გონიოს ციხე 44,460 კვ.მ ფართობის სწორკუთხა ფორმის ნაგებობაა, სიგრძით - 228 და სიგანით - 195 მეტრი, გარს კი 18 კოშკით გამაგრებული, კირით შედუღაბებული გალავანი აკრავს. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა