ამ რომანტიკული ამბის გარდა, გრიგოლეთს კიდევ ბევრი რამ აქვს მომხიბლავი და საინტერესო:
სოფელ გრიგოლეთს დასავლეთიდან ზურმუხტისფერი ზღვა აკრავს, აღმოსავლეთიდან კი მთის რელიეფი მიუყვება.
გრიგოლეთის ზღვის პირას, მთელ სანაპიროზე „ბიჭვინთის ფიჭვია“ გაშენებული. ეს არის ერთადერთი მცენარე, რომელიც მლაშე ბრიზს უძლებს და სრულიად თავისებურ მიკროკლიმატს ქმნის - განსაკუთრებით პულმონოლოგიური და ფთიზიატრიული თვალსაზრისით.
გრიგოლეთის პლაჟის ქვიშა მაგნეტიტისა და ტიტან-მაგნეტიტის წვრილი მარცვლებისა და სხვა ქანების ნამსხვრევებისგან შედგება. ცხელი ქვიშის აბაზანები ადამიანის ორგანიზმზე სითბურ და მექანიკურ გავლენას ახდენს, რაც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, სასარგებლოა რევმატული და სახსრების დაავადებებისთვის. ზოგადად, პსამოთერაპია, ანუ ცხელი ქვიშით მკურნალობა, დღეს ძალიან პოპულარულია. ამ სახის თერაპიისთვის გრიგოლეთში აქტიურად დადიან ადგილობრივი დამსვენებლებიც და ტურისტებიც.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი, უნიკალური „ბიჭვინთის ფიჭვი“, ფართო პლაჟი, მაგნიტური ქვიშა.
მკურნალობის სახეობები: კლიმატო, თალასო და პსამოთერაპია, მაგნეტიტური ქვიშის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოების, ტუბერკულოზის, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების (რევმატული და სახსრების) დაავადებები.
ბოლო წლებში აქ ფართოდ გაიშალა საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. გრიგოლეთის დასასვენებელ სახლებსა და საოჯახო სასტუმროებში დღეს ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისთვის.
გრიგოლეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შედის და 25 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ ლანჩხუთიდან. უახლოესი რკინიგზის სადგურია ურეკი (6 კმ); ფოთის ნავსადგურიდან კურორტამდე 10 კმ-ია, ბათუმის აეროპორტიდან 50კმ. სოფელში გადის საავტომობილო მაგისტრალი.