KA

გუდაური

თბილისიდან 120 კილომეტრში საოცარი სამთო-სათხილამურო კურორტი - გუდაური მდებარეობს. შეიძლება არც დაიჯერო, მაგრამ ასეთ მოკლე მანძილზე მზიანი თბილისიდან პირდაპირ ალპურ ზონაში შეგიძლია აღმოჩნდე. აქ თოვლი 5 თვეს ძლებს და იდეალური ადგილია მოთხილამურეებისთვის, ექსტრემალებისა და აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის. აქვეა ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილში მოწყობილი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, სადაც მთის, ალპური, სათხილამურო, საფეხმავლო გამყოლები - გიდები და სათხილამურო ინსტრუქტორები სწავლობენ. სკოლა ასევე სამთო გამყოლის საერთაშორისო სერტიფიკატს - IFMGA-საც გასცემს.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:25 სთ
ბათუმი
6:30 სთ
ქუთაისი
4:35 სთ

თბილისიდან გუდაურამდე 

თბილისიდან გუდაურში, სულ რაღაც, 2 საათში მოხვდები. თბილისიდან გუდაურამდე გზის უდიდესი მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობისაა და მას, დაახლოებით, 10 ქვეყანა იყენებს მუდმივი სახმელეთო ტრანზიტისთვის. შესაბამისად, ყველაზე ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებშიც გზა გუდაურამდე გახსნილია და იშვიათად იკეტება.

ავტომობილით თბილისიდან ჩრდილოეთით რომ გაუყვები, პირველ შთაბეჭდილებას ჟინვალის წყალსაცავი მოახდენს - მთებისგან შექმნილ დიდ ფიალაში მოქცეული ლურჯი, კამკამა წყალი. მისი ფართობი 11.5 კვ.კმ-ია, მაქსიმალური სიღრმე კი - 75 მ; ზაფხულში ეს ადგილი ბევრ დამსვენებელს იზიდავს; 

შემდეგ პატარა ქალაქ ფასანაურს გაივლი. აქვე შეგიძლია შეისვენო, რომელიმე ტავერნაში შეიარო და გემრიელი ხინკალი დააგემოვნო. 

გზა გრძელდება და მალევე სერპანტინს მიადგები - აქ უკვე ალპურ ზონაში ასასვლელი გზის ბოლო მონაკვეთი იწყება. მარცხნივ უზარმაზარი, თვალუწვდენელი ქედი ჩანს, რომელიც დაკლაკნილი გზის ყოველი მოსახვევის შემდეგ პატარავდება და რამდენიმე წუთში ამ ქედს უკვე ზემოდან გადახედავ.

სად შეძლებ დარჩენას გუდაურში?

80-იანი წლების მეორე ნახევარში გუდაურში პირველად სასტუმრო - „მარკო პოლო“ აშენდა. ამავე პერიოდში ავსტრიულმა კომპანიამ გუდაურში პირველი, იმ დროისთვის თანამედროვე საბაგირო გზა ააგო. ცნობისთვის, თავდაპირველად გუდაური ჰელი-სქის კურორტად იყო ჩაფიქრებული და საბაგიროები ცუდი ამინდის დროს სრიალის ალტერნატიული საშუალება გახლდათ. 2010 წლიდან კი კურორტზე მომრავლდა როგორც საშუალო, ისე მაღალი კლასის სასტუმროები, საცხოვრებელი სახლები, რესტორნები და სხვა ინფრასტრუქტურა. კურორტზე ფუნქციონირებს მთის კაფე-ბარებიც.

რა უნდა იცოდე გუდაურის ტრასებზე?

გუდაური სათხილამურო სპორტის ყველაზე მაღალი მთის კურორტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. კურორტის ქვედა წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 1989 მეტრია, საბაგიროებით კი 3 276 მეტრზე ახვალ. 

კურორტ გუდაურში ევროპული კლასიფიკაციის მიხედვით დაყოფილი 4 სირთულის 20 ტრასაა, რომლებიც მარკირებულია ფერებით: მწვანე - დამწყებთათვის, ლურჯი - საშუალო სირთულის, წითელი - პროფესიონალებისთვის, შავი - რთული.

სათხილამურო ტრასების სირთულე დახრილობით განისაზღვრება. 

შეიძლება, ტრასა დიდ სიმაღლეზე იყოს, მაგრამ სასწავლო გზას წარმოადგენდეს. გუდაურში არსებობს ტრასები - მაგალითად, ტრასა „სნოუ პარკი“, რომელიც 2720-იდან 2845 მეტრამდე სიმაღლეზეა, თუმცა მაინც დამწყებთა ტრასად მიიჩნევა. 

თუ თხილამურებზე არ დგახარ, შეგიძლია საბაგიროთი ფანტასტიკური ხედების სანახავად  ახვიდე, განსაკუთრებით კი მზიან ამინდში და უკან, სასტუმრომდე ისევ საბაგიროთი ჩამოხვიდე. გაითვალისწინე, რომ კურორტზე 18 საბაგირო მუშაობს. 

გუდაურის დატკეპნილი სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 37 კილომეტრია. აქ თხილამურებით სრიალისთვის ყველაფერი იდეალურადაა მოწყობილი. 

გუდაურის მთებზე სეზონზე თოვლის სიმაღლე 1-2 მეტრის ფარგლებშია, ზოგჯერ მეტიც, რაც იდეალურ პირობებს ქმნის სრიალისთვის; გუდაურში დაშვებულია Heli-ski, რაც ამ კურორტის უპირატესობაა.  

გამოცდილ გამყოლებთან ერთად, თხილმარებით გასეირნებაც შეგიძლია.

უსაფრთხოება

2016 წლიდან განსაკუთრებული უსაფრთხოებისთვის  გუდაურის ტრასებზე მუდმივად იმყოფება მოთხილამურე პატრული, მაშველები კი კურორტის დაარსების დღიდან ზრუნავენ დამსვენებლების უსაფრთხოებაზე.

გუდაური სხვადასხვა სეზონზე

გუდაურის სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან იწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

გუდაური კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდებზე სრიალის შესაძლებლობას კობის ხარჯზე  იძლევა, საიდანაც საუკეთესო ხედი იშლება მყინვარწვერზე. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის ფერდზე თოვლი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ხარისხს და აქ სათხილამურო სეზონიც შედარებით ხანგრძლივია. 

ზამთარში ფუნქციონირებს „სნოუ პარკი“, რომელიც ფრისტაილის მოყვარულებს იზიდავს.

რაც შეეხება ზაფხულს, საუკეთესოდ მომზადებული ადგილობრივი პარაპლანერები კავკასიონის ქედის ცაში დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობენ. თუმცა გაითვალისწინე, რომ გუდაურში პარაპლანით სარგებლობა წლის ნებისმიერ დროს შეგიძლია, მთავარია, ამისთვის კარგი ამინდი დაგემთხვეს - ზამთარშიც და ზაფხულშიც პარაპლანით გადმოშვება კუდების საბაგიროს ზედა წერტილიდან არის შესაძლებელი.

ზაფხულში პარაპლანით უფრო აქტიურად დაფრინავენ ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე, ჯვრის უღელტეხილზე აშენებული ე.წ. ბელვედერიდან – ლამაზი მოზაიკით გაწყობილი გადმოსახედიდან, გუდაურის ულამაზესი ბუნება კი იდეალურ გარემოს ქმნის კემპინგისთვის, ჰაიკინგისა და ველოტურებისთვისაც.

ზაფხულში გუდაურის ტერიტორიაზე მარკირებული ველოტრასები ფუნქციონირებს და აქ მოხვედრა საბაგირო „გუდაურათია“ შესაძლებელი.

საბაგირო გუდაური-სტეფანწმინდა 

გუდაურიდან სტეფანწმინდამდე სამანქანო გზით 32 კილომეტრია და ის თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ადგილია საქართველოში. ეს პატარა დასახლება კავკასიონის უზარმაზარ მთებს შორისაა მოქცეული და მას ამაყად დაჰყურებს მყინვარწვერი, რომლის უზარმაზარი კალთის ფონზე, შედარებით მომცრო მთის წვერზე ულამაზესი გერგეტის სამების ტაძარი დგას. ტაძრამდე ასვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ისე მანქანით.

აღსანიშნავია, რომ საბაგირო გზა სოფელ კობამდე ჩაგიყვანს. კობიდან სტეფანწმინდამდე კი 20 კილომეტრია და სამანქანო გზით უნდა გააგრძელო მოძრაობა. გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგირო გზიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება და როდესაც აქაურობას ეწვევი, ფოტოაპარატით ამ სილამაზის აღბეჭდვა აუცილებლად მოგინდება.

რა არის მულტიქარდი?

მეტი კომფორტისთვის შეგიძლია სამთო კურორტების მრავალჯერადი ბარათი შეიძინო, რომელზეც თანხას დისტანციურად - ინტერნეტბანკით ან გადახდის აპარატით შეიტან და საქართველოს ოთხივე სათხილამურო კურორტის: გუდაურის, რეზორტი ბაკურიანის, გოდერძისა და სვანეთის (ჰაწვალისა და თეთნულდის) საბაგიროებზე გამოიყენებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა