ლებარდე სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
საუკუნეების წინათ მწყემსებმა შემთხვევით თვითდინებით მომდინარე რამდენიმე მინერალური წყარო აღმოაჩინეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ამ წყლებს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები ჰქონდა.
დღეს აქ საკურორტო ინფრასტრუქტურა არ ფუნქციონირებს, თუმცა, ლებარდეს წყლის მიღება, რომლის ტემპერატურა 7-13 °C-ია, მინერალიზაცია კი - 0,6-1,0 გ/ლ, წლის ნებისმიერ დროს შეიძლება.
ლებარდე სასიამოვნო დასვენების ადგილადაც მიიჩნევა. ველური ბუნება, მთები, მინდვრები და ალპური ტბები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებს. ეს ადგილი განსაკუთრებით ლაშქრობების მოყვარულებს იზიდავს.
ლებარდედან 4 კმ-ში მდინარე ლებარდე მდინარე ტეხურს უერთდება, რომლის კალაპოტიც ულამაზესი კლდოვანი კანიონებითა და ქვაბულების სიუხვით გამოირჩევა. ის იდეალურია ჯომარდობის მოყვარულებისთვის.