KA

დაბა ჩაქვი - კურორტი დასვენებისა და მკურნალობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება ფოტო, რომელზედაც ჩაის ჩინელი სპეციალისტი ლაო ჯონჯაო ჩაქვის პლანტაციაშია აღბეჭდილი. ეს XIX საუკუნის 90-იან წლებში გადაღებული ფოტოა. იმდროინდელი, როდესაც ჯონჯაო საქართველოში მიწვევით იმყოფებოდა. რუსმა მეწარმე პოპოვმა მაშინ ჩინეთიდან ჩაქვში ჩაის ჯიშები ჩამოიტანა და შესაბამისი სპეციალისტიც გამოიყოლა. აჭარის ეს რეგიონი ქართული მეჩაიეობის ცენტრი იყო. ჩაის პირველი პლანტაცია აქ 1885 წელს გაშენდა.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:40 სთ
ბათუმი
0:35 სთ
ქუთაისი
2:20 სთ

ჩაქვის ისტორია

ჩაქვში ადამიანის ცხოვრების პირველი ნიშნები ქვის ხანიდან ჩნდება. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის განძი - ქვის სანაყი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ასევე შემორჩენილია ანტიკური ხანის სათვალთვალო პუნქტი და გვიანი ანტიკური ხანის მარნის ნაშთი, მათ შორის ქვევრები.

ზღვისპირა კლიმატური კურორტი

ჩაქვი ბათუმიდან 15 კმ-ში, მდინარე ჩაქვისწყლისა და შავი ზღვის ნაპირებზე მდებარეობს და ზღვისპირა კურორტებისგან სიმშვიდით გამოირჩევა. 

ზღვისა და მთის ჰავის ჰარმონიული ნაზავის, საზღვაო სუბტროპიკული კლიმატის, სუფთა ზღვისა და ულამაზესი ქვიშიანი სანაპიროს, ფიჭვებისა და ევკალიპტის ხეების ერთობლიობის გამო, ჩაქვი დასვენებისა და მკურნალობისთვის შესანიშნავი ადგილია.
მისი ჰაერი, ზღვისა და მზის აბაზანები განსაკუთრებით სასარგებლოა ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.

მტირალას მთა

ჩაქვი გარშემორტყმულია მტირალას ეროვნული პარკით, რომელიც ყველაზე უხვნალექიანი ადგილია აღმოსავლეთ ევროპაში. მის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშის და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებთან და კოლხეთის ეროვნულ პარკთან ერთად, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაშია შესული. პარკის ადმინისტრაციული შენობა ჩაქვშია, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი - ჩაქვიდან 15 კმ-ში, სოფელ ჩაქვისთავში. 

აქ შესაძლებელია სასურველი ტურის დაგეგმვა ფეხით, ველოსიპედით ან ცხენით. პარკში მოწყობილია ზიპლაინი და „თოკების პარკი“, რომელიც ეკოსაგანმანათლებლო ატრაქცია და გასართობ-შემეცნებითი ადგილია.

ვიზიტორთა ცენტრიდან დაახლოებით 2 კმ-შია საპიკნიკე სივრცე, სადაც მთის წყარო და ნაკადული მოედინება. 400 მეტრის დაშორებით კი 28 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი „წაბლნარი“ ჩამოდის. ჩანჩქერიდან დაახლოებით 1 კმ-ში ლამაზი ტბაა. 

პარკს აქვს რამდენიმე სალაშქრო ბილიკი და ტურისტული კოტეჯი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა