KA

ცხვარიჭამია

ცხვარიჭამია თბილისის მახლობლად მდებარე რეკრეაციულ-კლიმატური კურორტია, რომელიც დიდი ხანია დედაქალაქის მაცხოვრებლებში პოპულარობით სარგებლობს. აქაური ჰავა ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით, განსაკუთრებით სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

სად მდებარეობს ცხვარიჭამია?

ცხვარიჭამია მდინარე თეზმის ხეობაში, საბადურის ქედზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე, რაც დიდწილად განაპირობებს მის განსაკუთრებულ, სასარგებლო მიკროკლიმატს. ითვლება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასახლებულ პუნქტად - ცხვარიჭამია თემის ცენტრია, რომელიც აერთიანებს 5 სხვა სოფელს: თეზამს, კევლიანს, მშრალხევს, ლელუბანსა და მამკოდას.

მოხერხებული ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს მთელი წლის განმავლობაში კომფორტულ კლიმატურ პირობებს. აქ ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, რომელიც ხასიათდება თბილი, ხანგრძლივი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. 

ცხვარიჭამიას ტყეები დაცული ტერიტორიების ნუსხაშია - სოფელი თბილისის ეროვნულ პარკს ეკუთვნის. სწორედ ცხვარიჭამიაში მოღვაწეობს ზოოლოგიური ცენტრი, დათვების თავშესაფარი, სადაც დათვებისა და მგლების მკურნალობა-რეაბილიტაციის პროგრამებია დანერგილი. ზოოლოგიური ცენტრი ღიაა ვიზიტორებისთვის. 

ბოლო ათწლეულების განმავლობაში სოფელი დიდწილად სააგარაკო სივრცედ იქცა, რომელსაც ბევრი ხალხი სტუმრობს ზაფხულის თვეებში, მაგრამ მწირია ადგილობრივი მოსახლეობა. ჯერ კიდევ 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით ცხვარიჭამიაში მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 75 ადამიანი სახლობდა. ორი ათწლეულის განმავლობაში ეს რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

სოფელში მდებარე ღირსშესანიშნაობების სია მწირია, თუმცა აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი დგას. მათ შორის ყველაზე ცნობილია ცხვარიჭამიას დიდი საყდარი, იგივე  ცხვარიჭამიას მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია. სოფლის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა, VII-VIII საუკუნეებით თარიღდება. სამეკლესიანი ბაზილიკა რიყის ქვითაა ნაგები, კონსტრუქციულ ადგილებში კი გათლილი შირიმის ქვა და აგურია გამოყენებული. შენობის გვერდითი ეკლესიების დამაკავშირებელი დასავლეთის შემოსასვლელი გუმბათიანია, რაც იშვიათობაა საქართველოში ამ პერიოდში აგებულ ტაძრებში. დგას სოფლის განაპირას, ხელოვნურ ტერასაზე.

მეორეა ცხვარიჭამიას პატარა საყდარი, რომელიც VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება, მდინარე თეზამის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. დარბაზული სტილის ეკლესია ასევე რიყის ქვითაა აშენებული და გამოირჩევა არასტანდარტული არქიტექტურული დეტალებით - მათ შორის აღმოსავლეთის უსწოროდ მომრგვალებული აფსიდი და სამხრეთით მიშენებული ვიწრო სათავსი-თაღნარი.

სოფლის მესამე მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობა გაცილებით უფრო ახალია - ცხვარიჭამიას წმინდა მარიამის ეკლესია XIX საუკუნეში აშენდა სოფლის ძველ ცენტრში. დარბაზული ტიპის ეკლესიის მთავარი სახასიათო დეტალი დასავლეთ ფასადზე გამოსახული რელიეფური ჯვარია.

რატომ ჰქვია სოფელს ცხვარიჭამია? მითები და ლეგენდები

ისტორიული წყაროების მიხედვით სოფლის თავდაპირველი სახელწოდება ზვარეთი ყოფილა, თუმცა დროთა განმავლობაში ხალხში ისე გავრცელდა სახელი “ცხვარიჭამია”, რომ ორიგინალი თითქმის ყველას გადაავიწყდა.

ზუსტად არავინ იცის რატომ იცვალა სოფელმა სახელი, თუმცა ადგილობრივებში რამდენიმე მითია გავრცელებული. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, სახელი დაკავშირებულია ლეკების თარეშთან. ზვარეთის მახლობლად ჰქონიათ ბანაკი, საიდანაც თავს ესხმოდნენ მეზობელ დასახლებებს. მოტაცებულ ცხვრებს სწორედ ამ ადგილას ჭამდნენ, რის გამოც ადგილს ცხვარიჭამია შეარქვეს.

თუმცა, ტოპონიმის წარმოშობის უფრო მეცნიერულად დასაბუთებული ვერსიცა არსებობს. მკვლევართა აზრით, ადგილის სახელწოდება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ტერიტორიაზე გაშენებულ ტყეებში მგლების საკმაოდ დიდი ხროვები ცხოვრობდნენ. კონკრეტულად ეს სოფელი კი აქტიური თავდასხმების ადგილი იყო, აქ ხშირად ესხმოდა ნადირი ცხვრის ფარებს თავს, რის გამოც ადგილს ჯერ "სამგლე ადგილი," შემდეგ კი უბრალოდ ცხვარიჭამია ეწოდა.

არსებობს უფრო პოზიტიური, თუმცა ნაკლებად რეალისტური ვერსიაც. თურმე დიდი ხნის წინ სოფელში ცხოვრობდა მწყემსი, რომელსაც იმდენად დიდი მადა ჰქონდა, წლის თოხლი არ ჰყოფნიდა საკვებად, ჰოდა მეტსახელად ცხვარიჭამია შეარქვეს. გადმოცემის თანახმად, ამ მწყემსმა შემდეგ მახლობლად ახალი დასახლება დააარსა, რომელსაც შემდგომში მისი მეტსახელი შერჩა.

კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, კი ზვარეთმა სახელი საბადურის ტყის გამო იცვალა. სოფლის მახლობელ ტყეებში ტყუპი და-ძმა - საბა და დური ცალცალაშვილები - დაკარგულან. როგორც არ ეძებეს, ვერსად მიაგნეს. მშობლების სანუგეშოდ კი ტყეს მათი სახელები - საბადური - დაერქვა. ბავშვების დაკარგვის შემდეგ ტყის მიმდებარედ სოფელში ცხვრები გაწყვეტილან. ადგილობრივებმა ეს ამბავი ტრაგედიას დააბრალეს და ბავშვებს "ცხვარიჭამია ცალცალაშვილები" შეარქვეს. მოგვიანებით ეს სახელი მთელ სოფელს შერჩა.

როგორ მივიდეთ ცხვარიჭამიამდე

ცხვარიჭამიას თბილისიდან მხოლოდ 35 კილომეტრი აშორებს, თუ საკუთარი მანქანით მგზავრობთ ქალაქის ცენტრიდან სოფლამდე დაახლოებით ერთი საათი დაგჭირდებათ,  მისასვლელად კი თბილისი-თიანეთის გზატკეცილს უნდა გაუყვეთ.

ქუთაისის ცენტრიდან ცხვარიჭამიამდე დაახლოებით 220 კილომეტრია, მანქანით მგზავრობის დრო კი დაახლოებით 3 საათია. მარშრუტი კი თბილისი-სენაკი-ლესელიძის (E60) გზატკეცილზე გადის.

ბათუმის ცენტრიდან ცხვარიჭამიამდე კი 360 კილომეტრია. მანქანით მგზავრობას დაახლოებით 5 საათი სჭირდება, ყველაზე მოხერხებული მარშრუტი კი ქუთაისის ანალოგიურად თბილისი-სენაკი-ლესელიძის (E60) გზატკეცილია.

ცხვარიჭამიამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მიდის, მაგრამ მხოლოდ დედაქალაქი თბილისიდან. როგორც წესი, ცხვარიჭამია-თიანეთის მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან დღეში რამდენჯერმე გადის. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სეზონებისა და ამინდის პირობების მიხედვით ტრანსპორტის გრაფიკი შეიძლება შეიცვალოს - ზაფხულში რეისები გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე ზამთარში, როდესაც დღეში მხოლოდ 1-2 რეისი შეიძლება შესრულდეს. 

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

საბადურის ტყე - თბილისის ეროვნული პარკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი. შემოდგომა-ზამთრის პერიოდებში განსაკუთრებით ბევრი ვიზიტორი ჰყავს, რომლებსაც წითელ-ყვითლად შეფერილი ან დათოვლილი ხეივანი ეფექტური ფოტოების პერსპექტივით იზიდავს. ცხვარიჭამიიდან საბადურის ტყემდე 10-15 წუთის გზაა.

თბილისის ეროვნული პარკი - საქართველოში პირველი ეროვნული პარკი, ფარავს 21 ათას ჰექტარზე მეტ ტერიტორიას და გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით. პარკი ღიაა ვიზიტორებისთვის. აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის მოწყობილია საფეხმავლო, საცხენოსნო და ველობილიკების ფართო ქსელი, რომელიც სხვადასხვა სირთულის მარშრუტებს მოიცავს. გამოყოფილია საპიკნიკე და საკარვე ზონები. როგორც უშუალოდ თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ისე მიმდებარედ ბევრია ისტორიულ-კულტურული ძეგლი. ცხვარიჭამიიდან ეროვნული პარკის შესასვლელამდე მანქანით მისასვლელად საშუალოდ 15-20 წუთია საჭირო.

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში - ქართველი მწერლისა და მოღვაწის სამ მოქმედ სახლ-მუზეუმს შორის ყველაზე ცნობილი. სამსართულიანი სახლი თავისი შთამბეჭდავი აივნებით გამოირჩევა. ილიას სახლ-მუზეუმის კოლექციაში დაცულია მწერლის პირადი ნივთები, ხელნაწერებს და XIX საუკუნის ხელოვნების ნიმუშები. 2018 წელს მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გზა დაახლოებით 20 წუთია.

მცხეთა - საქართველოს ძველი დედაქალაქი, ქალაქი მცხეთა, ერთგვარი მუზეუმია ღია ცის ქვეშ. პირველ რიგში სანახავია სვეტიცხოველი, საქართველოს მთავარი საკათედრო ტაძარი რომელიც XI საუკუნით თარიღდება, და VI საუკუნეში კლდოვანი მთის თავზე აშენებული ჯვრის მონასტერი. მცხეთა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. მანქანით მისვლას 35 წუთი სჭირდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა