ტური სოფელ ლახუშდიდან იწყება. ეს პატარა, მჭიდროდ დასახლებული სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტს, ლატალის თემს მიეკუთვნება. მის ცენტრში მაცხოვრის სახელობის პატარა ეკლესია დგას, სადაც XII-XIII საუკუნეების ჭედური და ფერწერული ხატები ინახება.
ზურულდის ქედისკენ გზას ჰაწვალის საბაგირო შეგიმცირებს, თუმცა წინ დიდი ტყე და ვრცელი გზა გელის.
ალპურ ზონაში, წიწვოვანი ტყეების გარემოცვაში ნამდვილად ზღაპრული თავგადასავალი გელოდება, ხოლო, როცა ზურულდის ქედზე აღმოჩნდები, თვალწინ 360-გრადუსიანი პანორამული ხედი გადაგეშლება. ზღვის დონიდან 2300 მეტრზე კი კავკასიონის მწვერვალების გარემოცვაში მოხვედრილს, გასაოცარი შეგრძნებები დაგეუფლება.
შემდეგ გეზი სოფელ წვირმისკენ უნდა აიღო. აქ ისევ ტყის გავლით ჩახვალ. ამ სოფლიდან კი თეთნულდი საუკეთესოდ ჩანს. წვირმში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიც მდებარეობს, რომელიც 2015-2018 წლებში აშენდა.
სოფელში საოჯახო სასტუმროებში დარჩენასაც შეძლებ, სადაც ადგილობრივი კერძებით გაგიმასპინძლდებიან. თუ კარავში დაბანაკება გსურს, აქ ამის შესაძლებლობაც გექნება.