კურორტი ლებარდე 1600 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, აქედან 3-4 საათის ფეხით სავალზე კი, გვირას ქედის დასავლეთ ფერდობზე, ორ ლამაზ ტბას ნახავ - ზღვის დონიდან 2300 მეტრზე ლებარდეს დიდ ტბას და 2400 მეტრზე ლებარდეს ჭიჭე (პატარა) ტბას.
ლებარდეს ტბებზე ლაშქრობისთვის საუკეთესო პერიოდი ივლისი, აგვისტო და სექტემბერია, როცა ჰაერის ტემპერატურა წლის მაქსიმუმს აღწევს და 16-17 გრადუსამდე თბება.
კურორტ ლებარდემდე სოფელ დობერაზენიდან უნდა ახვიდე. დობერაზენი-ლებარდეს დამაკავშირებელი გრუნტის გზა ტეხურის ულამაზეს ხეობაზე გადის. მანქანით გასავლელი მანძილი დაახლოებით 30 კილომეტრია.
კურორტს რომ გასცდები, ტყე მთავრდება და ტბებისკენ ბილიკს უკვე ალპურ ზონაში მიუყვები. გზა საშუალო სირთულისაა. დიდ ტბამდე დაახლოებით საათ-ნახევარში ახვალ, დიდიდან პატარა ტბამდე კი ერთი საათი დაგჭირდება.
ლებარდეს ტბებთან მისვლა შესაძლებელია ლეჩხუმის მხრიდანაც. ორივე ტბის მიმდებარედ, მწვანე მდელოზე კარგი საბანაკე ადგილებია, ჰაერი კი აქ მართლაც განსაკუთრებულია, ამიტომ აუცილებლად დაგეგმე ვიზიტი ამ მხარეში - წინ დიდი თავგადასავლები გელოდება.